– ასაკი მემატება და ბევრი რაღაც მინდა მოვასწრო. ძალიან სწრაფად გადის დრო. მინდა, ბევრი რამ შევქმნა, რაც დარჩება ჩემს ქვეყანას და სიამოვნებას მიანიჭებს ჩვენს ხალხს, – უთხრა ჟურნალ “სარკეს” მომღერალმა მაკა ზამბახიძემ.
მას შემდეგ, რაც მისი და რატი დურგლიშვილის დუეტი დაიშალა, მაკა სოლო კარიერაზე გადაერთო და უკვე იმდენი ახალი სიმღერა დაუგროვდა, რომ სოლო კონცერტის გამართვაზე ფიქრობს.
– მაკა, დიდიხანია სცენაზე დგახართ და უკვე კარგი სოლო კარიერაც გაქვთ. როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო სოლო კონცერტის გამართვის?
– 7 წლიდან ვმღერი, მაგრამ საზოგადოებამ 2007 წელს გამიცნო. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და უკვე ბევრი ახალი სიმღერა დამიგროვდა, შესაბამისად, ვემზადები სოლო კონცერტისთვის. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ წელს არ იყოს, მაგრამ აუცილებლად გავმართავ.
– გენატრებათ დუეტ “ჯორჯიას” პერიოდი, როცა რატი დურგლიშვილთან ერთად მღეროდით?
– რა თქმა უნდა. ის პერიოდი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ეს რომ არ ყოფილიყო, მაკა ზამბახიძეს სახალხო აღიარება არ ექნებოდა. დუეტმა “ჯორჯიამ” ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
ერთად არაჩვეულებრივი დრო გვაქვს გატარებული, ძალიან კარგი რეპერტუარი შევქმენით. იურმალაში გამარჯვების მერე ბევრი კარგი სიმღერა ჩავწერეთ. ის ეტაპი დამთავრდა და ახალი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ.
– თქვენი დუეტის დაშლის მიზეზებზე ბევრი რამ დაიწერა. ისიც ითქვა, ევროვიზიაზე რომ არ წარადგინეს, ამის გამო დაიშალაო. იმ წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიაზე ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი გაიყვანა…
– ეს არის ძალიან მცდარი აზრი. უბრალოდ რატის თავისი დაწერილი ბევრი სიმღერა დაუგროვდა და გადაწყვიტა, სოლო ვერსიით ჩაეწერა, სოლო ალბომი გამოეშვა.
– კონკურსების ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში?
– კი. არც ერთ ქართულ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს.
– მათ შორის პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები”?
– კი. ამ პროექტის პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე, ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩემი უარით ყოველ წელს ვაწყენინებ ხოლმე. არ მაქვს სურვილი, ქართულ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა.
– რატომ, უსამართლობას ხედავთ?
– არა, უბრალოდ არ მინდა. ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, არ მინდა და მორჩა!
– როგორ ატყობთ, პოპულარობამ შეგცვალათ?
– არა. მეგობრები, ახლობლები ყოველთვის აღნიშნავენ, ისეთი დარჩი, როგორსაც გიცნობდითო. ეს ძალიან მახარებს, ესე იგი ადამიანები გულწრფელად ხედავენ რეალურ სურათს. პოპულარობით არასდროს ვმანიპულირებ, ყოველთვის უშუალო და უბრალო ვარ.
– 30 წელს გადააბიჯეთ. როგორ ახერხებთ, მუდმივად შესანიშნავ ფორმაში იყოთ?
– 34 წლის ვარ. არ მიყვარს, ქალები ასაკს რომ მალავენ. როცა უნდა მკითხოთ, ყოველთვის გაგიმხელთ ასაკს. წელიწადნახევარია სპორტულად ვცხოვრობ, ყოველდღე ვვარჯიშობ. რამდენადაც ვახერხებ, სწორად ვიკვებები. შეიძლებოდა, უფრო იდეალურ ფორმაშიც ვყოფილიყავი, თუმცა არ ვნებდები, ვცდილობ, უკეთესი ფორმები მქონდეს.
ძალიან მინდა, რომ იდეალური ფიგურა დავიყენო. მესმის, რომ არ ვარ მსუქანი, 2-3 კილოს რომ მოვიმატებ, ვწუწუნებ და ამის გამო მეგობრები მეჩხუბებიან, მაგრამ საკუთარ თავს მეტს ვთხოვ.
– რა ტიპის ვარჯიშით ხართ დაკავებული?
– ძალოვანი აერობიკა, სტეპი, სირბილი და იოგა.
ჟურნალი სარკე