ჟურნალ “სარკეში” ბევრი მოზარდი აქვეყნებს წერილებს და მეც მინდა, ჩემი ამბავი მოგიყვეთ.
წელიწადზე მეტია, რაც ჩემს ცხოვრებაში, უფრო სწორად, დედაჩემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. დედამ მითხრა, რომ გათხოვებას აპირებდა. საშინლად განვიცადე. ისიც კი ვიფიქრე, რომ დედას არ ვუყვარდი და სხვასთან ცხოვრება ამიტომაც გადაწყვიტა. მიხსნიდა, რომ მთელ ქვეყანაზე ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა, მაგრამ მაინც არ ვუჯერებდი.
მამა დიდი ხანია ჩვენ გვერდით აღარ ცხოვრობს, სხვა ცოლი ჰყავს და მასთან შვილებიც ეყოლა. მასთან ურთიერთობა თითქმის არ მაქვს. ხანდახან თუ გავახსენდები და მომწერს, დაბადების დღეებზე კი მნახულობს და საჩუქრებიც მოაქვს. სულ ეს არის. ზოგჯერ მრცხვენია კიდეც, რომ ვხედავ. მის მიმართ რაღაცნაირ მორიდებას ვგრძნობ, თითქოს ჩემთვის ძალიან უცხო ადამიანი იყოს.
ბებია მეუბნებოდა, დედაშენს ხელს ნუ შეუშლი გათხოვებაში, ქალები ხართ და პატრონობა გჭირდებათ, ის კაცი კი კარგი პიროვნებაა და ორივეს მოგხედავთო. ასე კი მეუბნებოდა, მაგრამ ძალიან მეშინოდა მამინაცვლის. მეგონა, რომ მასთან ერთად ვერასოდეს ვიცხოვრებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
დედაჩემის გათხოვების შემდეგ მალე მათთან გადავედი. თავიდან ძალიან მორიდებულად ვიყავი, მაგრამ ცოტა ხანში თავი ისე ვიგრძენი, თითქოს იმ სახლში გავიზარდე.
დედაჩემის ქმარი საოცრად მხიარული ადამიანია. მისი ქალიშვილი და მე თანატოლები ვართ. მამასავით ისიც ძალიან მხიარულია. მითხრა, მეც მამინაცვალი მყავს და კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავსო. ამიტომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთმანეთს ადვილად შევჩვეოდით. ახლა კი ვთვლი, რომ და მყავს. ძალიან მიყვარს და ორი დღე რომ ვერ ვხედავ, უკვე მენატრება.
დედაჩემის ქმარი სულ სიურპრიზებს გვიწყობს. საღამოობით მოულოდნელად გვეტყვის, ჩაიცვით, გავდივართო და სადმე ლამაზ ადგილზე მივყავართ. დედა სულ გაბრწყინებული დადის. ამბობს, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარო. მიხარია, ასეთს რომ ვხედავ.
ამდენი რამ იმიტომ დავწერე, რომ ჩემს თანატოლებს ვუთხრა, თუკი დედა გათხოვებას გადაწყვეტს, ნუ შეეწინააღმდეგებით და ნურც მამინაცვლის შეგეშინდებათ. მთავარია, ერთმანეთს კარგი თვალით შეხედოთ, შეიყვაროთ და ყველა პრობლემა მალე მოგვარდება.
ჟურნალი “სარკე”