– სისხლიანი 9 წლის ავტორს, ელიტური კორუფციის მამამთავარ მიხეილ სააკაშვილს გიორგი მარგველაშვილი მისტირის. ამ დღეებში მან ასეთი განცხადება გააკეთა _ ქვეყნისთვის უარყოფითია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. ეს განცხადება მან სამეგრელოში, ტელეკომპანია „ოდიშთან“ საუბარში გააკეთა, – აცხადებს პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე.
მისი განცხადებით, ეს მარგველაშვილის მხრიდან უპრინციპობაა და რასაც პრეზიდენტი აკეთებს, სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ზრუნვაა.
– მარგველაშვილის განცხადება ხომ სამარცხვინოა, მაგრამ არანაკლებ სამარცხვინოა ,,ქართული ოცნების“ რეაქცია. მათ ერთი სიტყვითაც კი არ გაუპროტესტებიათ მარგველაშვილის ნოსტალგია სააკაშვილის მიმართ. არადა, რომ ჰკითხო, მათ შორის დიდი უთანხმოებაა. არანაირი უთანხმოება არ არის, მარგველაშვილს იმიტომ გადაემტერნენ, რომ მან პრეზიდენტის სასახლე არ დატოვა.
„ახალი თაობის“ კითხვაზე _ მიხეილ სააკაშვილიც მისი სამომავლო გეგმების ნაწილია?
გიგლა ბარამიძე:
– მარგველაშვილი არსად არ წავა. პრეზიდენტის სასახლიდან ვერ გამოიყვანეს და პოლიტიკიდან წავა? მას პოლიტიკაში დარჩენას სრული უფლება აქვს და ამას ვერც ვერავინ აუკრძალავს. არც სხვაზე ნაკლები გამოსვლები აქვს _ კარგად თამაშობს დემოკრატის როლს. მისი პრობლემა ის არის, რომ ნაციონალების მიმართ სიმპათიები შეერევა ხოლმე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მას სააკაშვილზე უჩქროლდება გული. ამას წინათ სისხლიანი 9 წლის ავტორი ზვიად გამსახურდიას შეადარა.
– მარგველაშვილის და სააკაშვილის თანამშრომლობა შესაძლებელია?
– არაფერი გამორიცხული არ არის. `ქართული ოცნებაც~ ხომ ძირითადად ნაციონალებთან თანამშრომლობს ხოლმე. ამით მარგველაშვილი ვერ გაგვაკვირვებს, მაგრამ ამ დემოკრატიის სანახებს რომ ეთამაშება, ერთხელ მაინც მოგვიხადოს ბოდიში.
პრეზიდენტის სავარძელში ისე დაჯდა, არავის აურჩევია. მარგველაშვილი პრეზიდენტად ერთმა მილიარდერმა დანიშნა. საინტერესოა ისიც, რომ ცესკომ ისეთი შედეგი დადო, რა პროცენტიც იმ მილიარდერმა ისურვა.
გულსატკენია, რომ საზოგადოებაც არ იღებს ამაზე ხმას. საზოგადოება კიდევ ბევრ რამეზე ამჯობინებს დუმილს. ეს დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაყიდულია.
ამდენი ფეისბუქ-ლომი რომ გვყავს, ერთხელ მაინც გამოვიდეთ ყველა ერთად ქუჩაში და ვუთხრათ ხელისუფლებას _ შეწყვიტე ქვეყნის გაყიდვა. დღეს საქართველო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იყიდება.

