2017 წლის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა, რაც მასწავლებლებისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. ერთი შეხედვით, ეს მასწავლებელთა დაბალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს. რა ხდება რეალურად სკოლებში?
ამ საკითხზე „ახალ თაობას“ თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებემა, ირმა ჯაშიაშვილმა ესაუბრა.
– ირმა, 2017 წლის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. ითქვა ისიც, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა რეგიონებში მეტია. თქვენ თელავის სკოლაში ასწავლით. რა არის პრობლემა? რატომღაც ყველა სკოლასა და მასწავლებელს ადანაშაულებს. არის მთავარი დამნაშავე მასწავლებელი?
– პრობლემა კომპლექსურია. ბევრი რამ ბოლო წლებში განხორციელებული არასწორი რეფორმების შედეგია. რეფორმების ცვლა მინისტრების ცვლასთან არის მიბმული და, მოგეხსენებათ, მინისტრები ხშირად იცვლებიან. სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, ყველაზე მთავარი მშობლის, ოჯახის როლია. მშობელი უნდა იყოს უფრო აქტიური და აქტიურად ჩაერთოს შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მასწავლებელშია პრობლემა? ხმამაღლა დააფიქსიროს, გაარკვიოს. მაგრამ უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს და იცით, რა მიზეზით?!
– რა მიზეზით?
– ჩემს შვილს გადაეკიდება, ნიშანს დააკლებს და ასე შემდეგ. როდესაც პედაგოგი არ მოგწონს, ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. მშობლის პასიურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. კლასის დამრიგებელი ვარ და ყოველთვის ვთავაზობ მშობლებს, რომ პრობლემებზე ღიად მესაუბრონ. მათი ჩართულობა მინიმალურია.
– რა პრობლემების წინაშე დგანან დღეს რეგიონის სკოლები? ამბობენ, რომ ჩაჭრილთა უმეტესობა რეგიონებიდან არის.
– ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან სულ აღნიშნავდნენ, რომ მისაღებ გამოცდებზე რაიონის სკოლის მოსწავლეები მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ. არ ვიცი, რა შეიცვალა ამ კუთხით. სოფლის სკოლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს. საკლასო ოთახებში არ არის ელექტროენერგია. სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ?! ერთი წელია, რაც ჩემს სკოლაში ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა. ამ მხრივ სოფლისა და ქალაქის სკოლები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
– მოუმზადებელი შეხვდნენ რეგიონის სკოლები საატესტატო გამოცდებს?
– პირადად ჩემი სკოლის მაგალითზე ამას ვერ ვიტყვი. მხოლოდ ერთი მოსწავლე ჩაიჭრა, ისიც ერთ საგანში. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მე დღეს ზოგად პრობლემებზე ვსაუბრობ. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ თემას და რატომღაც ყველამ მასწავლებლისკენ გაიშვირა ხელი.
– კიდევ ვინ არის დამნაშავე?
– მე არ ვამბობ, რომ მასწავლებელი უნდა გავათავისუფლოთ ამ პასუხისმგებლობისგან, თუმცა მხოლოდ მას არ უნდა შევაწმინდოთ ხელი. პრობლემები კომპლექსურია. სულ ცვლილებებში ვართ. უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში არის მასწავლებელთა ის კატეგორია, რომელიც არ არის თავისი საქმის პროფესიონალი. გამართულ განათლების სისტემას, სკოლის კარგ მენეჯმენტსა და აქტიურ მშობელს ნამდვილად შეუძლია ასეთი მასწავლებლის ტრანსფორმაცია ან გაყვანა სისტემიდან. მშობლის ჩართულობა აუცილებელია. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი განზე დგომას ამჯობინებს.