– მეუღლესთან კონფლიქტი მაქვს იმის გამო, რომ ყოფილ ცოლთან ურთიერთობას მიშლის, – ამბობს ჟურნალ “სარკესთან” ახალგაზრდა მამაკაცი, – არ მინდა, ამის გამო ოჯახი დავანგრიო, მაგრამ უკვე პიკზე ვარ. ადამიანს ვერ ვაგებინებ, რომ არასწორად იქცევა.
არასწორად ფიქრობენ ქალები, როცა ფიქრობენ, რომ ქმრები პიროვნებები არ არიან და რასაც ოჯახი ითხოვს, რასაც ცოლები თვლიან საჭიროდ, ისე უნდა მოიქცნენ. ჩემი ცოლის არგუმენტებია, ამას ხომ ჩვენი შვილების, ოჯახის საკეთილდღეოდ გეუბნებიო, მაგრამ ავიწყდება, რომ მე ცალკე პიროვნება ვარ და მაქვს უფლება, ისე გადავწყვიტო გარკვეული საკითხები, როგორც მსურს.
მასაც აქვს უფლება, ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს. ცოლი არასოდეს შემიზღუდავს და მან ეს ყველაზე კარგად იცის.
25 წლის ვიყავი, პირველად რომ დავქორწინდი. მეუღლე მიყვარდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები ისე არ მოხდა, როგორც წარმოგვედგინა. შვილი ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ შეგვეძინა, მაგრამ 8 დღეში ბავშვი გარდაიცვალა. ვერ წარმოიდგენთ, ეს ჩვენთვის რამხელა ტრავმა იყო. ნანატრ შვილს 8 დღის განმავლობაში ვუყურებდი, ვლოცულობდი, რომ გადარჩენილიყო, მაგრამ მაინც გაფრინდა ზეცაში.
იმის ნაცვლად, რომ ამ ტრაგედიას უფრო გაემყარებინა ურთიერთობა, პირიქით მოხდა, ჩვენ შორის დაძაბულობამ იმატა. შვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ ორსულობა არ დგებოდა. ბევრ სხვა პრობლემას ესეც ემატებოდა და საბოლოოდ გავიყარეთ.
თავიდან ცუდი ურთიერთობა გვქონდა. როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთს ცუდ რაღაცებს ვუთვლიდით, იყო ოჯახებს შორის დაძაბულობა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა. ჩემი ყოფილი ცოლი გათხოვდა, მეც დავქორწინდი და ზედიზედ სამი შვილი მეყოლა.
ოჯახზე ვგიჟდები, ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მათში გავცვლი, მაგრამ ჩემს ცოლს ეს ვერ გავაგებინე. მაინც პრეტენზიებს მიყენებს, მაინც სულ თავს მამადლის და ამით ისე დამღალა, მის გვერდით ცხოვრება უკვე აუტანელია.
ყოფილი ცოლი ახლა დიდ გასაჭირშია. ქმარმა მიატოვა. ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ძმამ ტოტოლიზატორებში მიიტანა მთელი თავისი ქონება და უსახლკაროდ დარჩა. შესაბამისად, ჩემი ყოფილი ცოლიც ქუჩაში აღმოჩნდა. არც სამსახური ჰქონდა და ამდენი ნერვიულობისგან ჯანმრთელობაც არ აქვს წესრიგში. მისი გასაჭირი რომ გავიგე, გული შემიღონდა. დაქალს ჰყავდა შეფარებული.
რა თქმა უნდა, დავეხმარე და ეს ოჯახშიც ვთქვი. მე ფინანსურად საკმაოდ მყარად ვდგავარ ფეხზე და ცხოვრებისგან დაჩაგრული ერთი ქალის შენახვა ჩემთვის არაფერია, მით უმეტეს, რომ ოდესღაც ის ქალი მიყვარდა.
ცოლი ეჭვიანობს, რომ ახლაც მიყვარს, მაგრამ ეს დიდი სისულელეა. რომ მყვარებოდა, ისევ ერთად ვიქნებოდით. გრძნობა რომ გაქრა, იმიტომაც გავიყარეთ.
ცოლს ვუხსნი, რომ ბოლოს და ბოლოს შვილის საფლავი გვაერთიანებს, მაგრამ არაფრის მოსმენა უნდა. გაიძახის, ისევ ის ქალი გიყვარს, იმიტომ ეხმარები, რომ საყვარლები ხართო. ვერ შევაგნებინე, რომ უზომოდ მეცოდება. ცხოვრებამ მართლა ძალიან დაჩაგრა. რომ მახსენდება, ჩვენს შვილს როგორ ელოდებოდა, მერე რა დღეში იყო, როცა ბავშვი დავკარგეთ, გული მეწურება სიბრალულით.
მასთან ბევრი რამ მაკავშირებს, ჩემს ძალიან ახლობლად ვთვლი. გეფიცებით, გრძნობა, ვნება არ არსებობს ჩემში! შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ და რომ გეყვარება და დის გულში ჩაკვრა მოგინდება, მის მიმართ ზუსტად ეს შეგრძნება მაქვს.
მეუღლეს ბევრჯერ ავუხსენი ეს ყველაფერი, მაგრამ მის თავში არაფერი შედის. შეიძლება ერთ დღეს მართლაც გამაქციოს სახლიდან, მაგრამ არა იქ, სადაც თვითონ ფიქრობს, რომ წავალ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ ცოლთან მხოლოდ დაძმური გრძნობა მაქვს, მასთან ემოციურად სხვა აღარაფერი მაკავშირებს.
ჟურნალი “სარკე”