“გამაფრთხილეს, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი”
მიხეილ რამიშვილი, პრატომ დაიხურა ციანიდის საქმე? ვინ სვამდა საეჭვო კითხვებს საპატრიარქოსთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო პროკურატურამ შესაძლო თანამზრახველებზე საუბარი, რა ურთიერთობები აქვს მეუფე პეტრესთან, ვისი რეკომენდაციით გახდა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება.
– იმდენად უსუსურია ეს მტკიცებულებები, რომ არ უნდათ, ხალხმა გაიგოს, რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი მამა გიორგის და რის საფუძველზე ითხოვენ არარსებული დანაშაულის დასაბუთებას. ჩემი აზრით, მხოლოდ ესაა სასამართლოს დახურვის მიზეზი და აქ საპატრიარქოს იმიჯზე ზრუნვა და მისი გაფრთხილება არაფერ შუაშია.
ამ წლების განმავლობაში რამდენიმე სასულიერო პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ნებისმიერი სასულიერო პირის სასამართლო ეკლესიის იმიჯზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ პროკურატურას აქამდე არასდროს მოუთხოვია სხდომის დახურვა. ყველა სასამართლო პროცესი ღიად წარიმართა, მათ შორის – გახმაურებული საქმეებიც, – აცხადებს ადვოკატო მიხეილ რამიშვილი.
ადვოკატის განცხადებით, „პროკურატურის გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ ჩარჩოებს არის აცდენილი“.
– 2013 წლის 17 მაისს თბილისში რაღაც მანიფესტაცია გაიმართა, რომელიც სასულიერო პირებმა აღკვეთეს. ამ დროს რაღაც შეხლა-შემოხლაც მოხდა და რამდენიმე სასულიერო პირის მიმართ საქმეც აღიძრა. ეს ამბავი ძალიან გახმაურებული იყო. ციანიდის საქმის მსგავსად, მის მიმართ ძალიან დიდი იყო მედიის ყურადღება, მაგრამ პროკურატურას არსად განუცხადებია, საპატრიარქოს იმიჯს უნდა გავუფრთხილდეთ და ეს პროცესი დავხუროთო.
სასამართლო სხდომის დახურვა მხოლოდ ახლა მოითხოვეს. პროკურატურის გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ ჩარჩოებს არის აცდენილი, – აცხადებს რამიშვილი.
– პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ ადვოკატებთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თქვენ მამა გიორგის დაცვას კი არ ცდილობთ, არამედ ყველაფერს აკეთებთ, რომ მან თანამზრახველები არ დაასახელოს. იმის შესახებაც გაკეთდა მინიშნება, რომ თქვენ ხართ მეუფე პეტრეს მეგობარი.
– მეუფესთან მეგობრობა როდიდან არის დანაშაული? დიახაც, ვარ მეუფე პეტრეს მეგობარი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ძალიან კარგად ვიცნობ პატრიარქს, ვიცნობ მეუფე შიოსა და მეუფე იაკობსაც. ასევე გიორგი მარგველაშვილსაც ვიცნობ და შორენასაც. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ.
დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი და ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ ვინ დამიქირავა. დაქირავებასთან დაკავშირებით ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე ვერავინ დამიქირავებს. ამის გარდა, ვერავინ მაიძულებს იმის გაკეთებას, რაც არ მინდა, რომ გავაკეთო.
მამა გიორგის დაცვა მისი ოჯახის წევრებმა მთხოვეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გამიწია რეკომენდაცია, მთელი თბილისი ჩემზე ლაპარაკობს და ერთი ადამიანი როგორ არ გამიწევდა რეკომენდაციას. არც უცნობი ადვოკატი ვარ. ასე რომ, რეკომენდაციის თემა სალაპარაკო არ არის.
როცა დეკანოზის ოჯახმა იურიდიული დახმარება მთხოვა, წავედი მამაოსთან და მოვუსმინე. მანამდე ამ საქმეზე ტელევიზიით ვიცოდი. პროკურატურისგან ვიცოდი, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა. მამაოსთან საუბრის შემდეგ გავიგე, რომ საქმე სულ სხვანაირად იყო და მას შორენას მოკვლას აბრალებდნენ. ჩავერთე და ვარ ამ საქმის ადვოკატი.
რადგან ამ თემამ ასეთი დაინტერესება გამოიწვია, ერთსაც დავამატებ – მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მომსახურება ფასიანია, ამ საქმეზე ერთი თეთრი არ ამიღია. მეტი რა გავაკეთო.
ჩემ წინააღმდეგ ამ თვეების განმავლობაში ათასი სიბინძურე თქვეს. ხან საპატრიარქოს წინააღმდეგ შავი პიარის აგორება დამდეს ბრალად, ხან კრიმინალი მეძახეს. ცოტა ხნის წინ მიმანიშნეს, რომ იციან იმის შესახებ, რომ ჩემი შვილი საქართველოშია.
– რას ჰქვია, მიგანიშნეს?
– ჩემი შვილი – ლიზა რამიშვილი – ძალიან ჭკვიანი გოგოა და მას ყველა იცნობს. ის საზღვარგარეთ სწავლობს და ახლახან ჩამოვიდა თბილისში. ერთ-ერთ გადაცემაში ირაკლი მამალაძემ მითხრა, თქვენ ლიზას მამა ხართო. თითქოს აქამდე არ იცოდა, რომ ლიზა ჩემი გოგო იყო. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამაფრთხილეს, იციან, სად არის ჩემი შვილი. ამათ გასაგონად მინდა ვთქვა, ერთი წუთითაც კი არ დაუშვან, რომ ვიღაცას რაღაცის შეეშინდება.

