– რუსეთის აგენტურა საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას შეეცდება. კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ მთელი ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანოს, რის შემდეგაც ამ პროცესში თავის ხალხს გამოიყვანს საქართველოს მხსნელების როლში და შეეცდება, მათი რეიტინგი ასწიოს. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცოტა ფრთხილად იყოს და ოპოზიციასთან ხისტ საუბარს თავი დაანებოს. საქართველოს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქუჩის აქციები, – აცხადებს ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი.
მისი აზრით, დროა ხელისუფლება პრორუსული ხალხისგან გათავისუფლდეს.
– არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში რამდენიმე საკადრო ცვლილებაც მოხდეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობიდან პრორუსული ორიენტაციის ხალხს გაუშვებენ. ეს დიდი ხნის წინაც უნდა გაკეთებულიყო.
გიორგი კვირიკაშვილის ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებიდან ბევრი ვინმე წავა. ქართული პოლიტიკა რუსეთის აგენტურისგან სრულად უნდა გაიწმინდოს, – განაცხადა კასრელიშვილმა.

