ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს, თუ როგორი ემოციებით დაემშვიდობა გადაცემა “დღის შოუს” თანაწამყვანებს – სოფიკო ნარჩემაშვილს, ნინო ბარათაშვილს, ეკა ამირეჯიბსა და ლელა მებურიშვილს, რომლებიც შოუს მიღმა დარჩნენ.
– ნანიკო, რეალურად რა მოხდა, რატომ დაიხურა “დღის შოუ?”
– ყველაფერს სჭირდება განახლება, არაფერია დაუსრულებელი. ამ გადაცემამ თავისი სათქმელი ამოწურა. საჭირო იყო სიახლეები.
– რა ბედი ეწევათ ახლა უკვე თქვენს ყოფილ თანაწამყვანებს, გარკვეული დროის მერე ისევ ხომ არ შემოგიერთდებიან?
– ამ პროექტში ჯერჯერობით არ მოიაზრებიან, მერე რა იქნება, ვერ გეტყვით.
– ალბათ ძალიან ემოციური იყო ბოლო ეთერი თქვენს თანაწამყვანებთან ერთად.
– რა თქმა უნდა, უმძიმესი იყო ბოლო ეთერიც და ის დღეებიც, როცა შევიტყვეთ, ვინ აგრძელებდა თანამშრომლობას და ვინ – არა. ასე მძიმედ იშვიათად გადამიტანია სამსახურში ცვლილება. ხშირ შემთხვევაში ჯობია, შენ დაკარგო სამსახური, ვიდრე უყურო ადამიანებს, რომლებიც მიდიან და შენ აგრძელებ მუშაობას.
– როგორ დაემშვიდობეთ ერთმანეთს?
– არ მიყვარს დამშვიდობება, მიმძიმს, ამიტომ არც ერთს დავემშვიდობე. ისე დავიშალეთ, როგორც სხვა დღეებში. სენტიმენტალური გამომშვიდობება არ გვქონია. ერთმანეთს ძალიან მშრალად ვუსურვეთ წარმატებები და დავიშალეთ. არ მივეცით თავს უფლება, რომ გრძნობები და სენტიმენტები გამოგვეხატა.
– თუმცა ახლა თვალები ცრემლებით აგევსოთ.
– ამიცრემლიანდა, რადგან ძალიან მიმძიმს მათთან განშორება, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ცხადია, ჩვენი ურთიერთობები გრძელდება. წუთი არ გავა ისე, რომ არ გამახსენდეს ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ.
– თქვენ რა პრინციპით დაგტოვეს გადაცემაში, რომელმაც “დღის შოუ” ჩაანაცვლა?
– არ ვიცი.
– საეთერო გარდერობი გადაახალისეთ?
– ამაზე ტელეკომპანიამ იზრუნა, მაქვს გარკვეული რაოდენობის ტანსაცმელი, რომელსაც მაყურებელი ნელ-ნელა ნახავს. კლასიკური სტილი არ არის ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა, მაგრამ ყველანაირ სტილს ვირგებ. რაც ვარ, ის ვიქნები და რა მნიშვნელობა აქვს, რა მეცმევა ან როგორ სტუდიაში ვიქნები?
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”