მომღერალ ნუკრი კაპანაძეს ცხოვრებამ ბევრი სათქმელი დაუგროვა, სიმღერებმა კი საშუალება მისცა, თავისი სატკივარი მსმენელამდე მიეტანა. ამ ყველაფერზე ის ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს:
– ბევრი სიახლე მაქვს, მაგრამ გამუდმებით მესმის შეკითხვები: “სად ხარ? რატომ არ ჩანხარ?”. მუსიკოსები სახლში ვდუღვართ, რადგან არ არის ადგილები, სადაც შემოქმედებას გამოვიტანთ. ალბათ ჩემი ხასიათის ბრალიც არის, პიარზე არ ვზრუნავ.
მასამ ჩემი სიახლეები არ იცის. კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძესთან და პიანისტ ნინო გულიაშვილთან ერთად საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომელზე საუბარიც ჯერ არ მინდა. მაყურებლის წინაშე სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარვდგები.
2 წლის წინ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში წარვადგინე კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძის 11 ახალი სიმღერა, რომლებიც სპეციალურად ჩემთვის დაწერა. ადრე თუ მინდორ-ველსა და მთა-ბარზე ვმღეროდი, ნინო ჩხიკვაძის სიმღერებში სულ სხვა სათქმელი გადმოვეცი. ჩემს ამბებს და ყოფით პრობლემებს შევეხე.
მე, კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე და პიანისტი ნინო გულიაშვილი ერთი წუხილით გავერთიანდით. მორის ფოცხიშვილის ლექსში “ქარო, ქარტეხილებს ელაპარაკები” – არის სიტყვები: “რა გინდა, გზა ხომ არ აგერია, ჩემთან რა გინდა, ქარო…”. ამ ლექსის თითოეულ სტრიქონში ქალის ტკივილია გადმოცემული.
დიდად მოლაპარაკე არ ვარ, ჩემი სათქმელი თითოეულ სიმღერაშია.
– დღეს რა გაწუხებთ ყველაზე მეტად?
– მომღერალი როცა ჩაკეტილია, ის იგუდება. ჩვენი სიმღერა მხოლოდ ოთახში, რამდენიმე ადამიანისთვის ხომ არ უნდა ისმოდეს? სატელევიზიო სივრცეში, პირველ რიგში, ინტრიგა აინტერესებთ, შემდეგ კი – სიმღერა. მე კი მინდა, პირიქით იყოს.
– კონცერტებზე არ გეძახიან?
– ამ მხრივ უკმაყოფილო არ ვარ. სამთავრობო გალა კონცერტებზე ხშირად ვმღერი და, თუ არ დამიძახებენ, არც ამაზე ვბრაზდები. ღონისძიებისთვის თუ საინტერესო არ ვარ, თვითონ ვამბობ უარს. ყველგან ვერ იქნები, მაგრამ თუ გამოჩნდები, საინტერესო უნდა იყო. ტელევიზიაში ხშირად გამოჩენის მომხრეც არ ვარ და არ ვფიქრობ, რომ მაყურებელს თავი უნდა მოვაბეზრო.
– სატელევიზიო შოუებზე უარს ამბობთ თუ არავინ გეპატიჟებათ?
– ალბათ სერიოზული თემები არ აინტერესებთ და ფიქრობენ, რომ შეიძლება ჩემი სტუმრობა რეიტინგული არ იყოს. როცა შოუებში მეპატიჟებან, ვეუბნები, როიალი ან კარგი ჟღერადობის ელექტროპიანინო დამიდგით და ჩემს სათქმელს სიმღერით გეტყვით-მეთქი, რაზეც უარს ამბობენ. ვიმღერებ და თვალებით ვიტყვი ყველაფერს, სულ არ სჭირდება ამას კოსტიუმირებული შოუ.
– თავს არიდებთ პირადთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება ტოქ შოუებში დაგისვან?
– არ ვამბობ, რომ ასეთ შოუებში შეკითხვებს არ უნდა სვამდნენ. როგორ ცხოვრობ, ამის თქმა ყოველთვის შეიძლება.
– მაშინ გვითხარით, ამჟამად როგორ ცხოვრობთ.
– ყველაფერი ისე აეწყო, რომ დღეს მარტო ვცხოვრობ და სიმყუდროვე მაქვს. მთელი ჩემი პირადი ცხოვრება მუსიკაა და სხვა არაფერი. რას ვიზამთ? შეიძლება ყველაფერი ერთად არ იყოს. ადრე ვფიქრობდი, რომ პირად ცხოვრებაში ჩავარდნას შემოქმედებითი დუღილი მოჰყვებოდა, ალბათ ასეც არის. განცდებს შეუძლია დიდი გამოძახილი მოგცეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებიდან რამდენიმე პერიოდს ნამდვილად ამოვიღებდი. ჯობდა, ის წლები ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ ყოფილიყო. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
– მარტო ცხოვრებას შეეჩვიეთ თუ მაინც გარკვეულ დისკომფორტს გრძნობთ?
– მარტოობას ძალიან მივეჩვიე. შევიქმენი პირობები, რომ სიმყუდროვე მქონოდა. ცოტა შიში დამეწყო იმის, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მოთხოვნადი აღარ ვიყო. შემოქმედებითად 60-70 წლის ასაკშიც თუ სავსე ვიქნები, მაშინ აღარაფერზე ვიდარდებ. თუ პირადი ცხოვრება არ ამეწყო და ამავდროულად შემოქმედებითადაც გავიყინე, ეს ჩემთვის საშინელება იქნება.
სახლში საკუთარ თავს კედელზე ავაყუდებ ხოლმე და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებს ვუსვამ. მიდი, აბა, თუ მაგარი გოგო ხარ, პასუხი გაეცი-მეთქი, ვეუბნები. არ არის ადვილი, საკუთარ თავს რაღაცებში გამოუტყდე.
– წლების მატებას როგორ ხვდებით?
– ძალიან ცუდად! მინდა, ყოველი დღე საინტერესო იყოს და ძალიან განვიცდი იმას, რომ დღის განმავლობაში ან მთელი კვირა შეიძლება დიდი დრო მქონდეს თავისუფალი. თუ ერთი წელი ვერაფერი გავაკეთე, მიწასთან ვსწორდები და როგორ უნდა მიხაროდეს წლების მატება?!
– გარეგნულ ცვლილებებს, რომლებიც წლების მატებას მოაქვს, ებრძვით?
– ვერაფერს გააკეთებ! ნაოჭები ჩნდება და ღრმავდება, რასაც ვერ შეცვლი და, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ შინაგანად თუ ანათებ, ნაოჭი ლამაზია და იხდენ კიდეც. მთავარია, შინაგანად იყო ბედნიერი.
ეკა მამალაძე ჩემი უახლოესი მეგობარია. ერთმანეთის რჩევებს თუ შენიშვნებს ნებისმიერ საკითხში ვითვალისწინებთ. თვითონ გამუდმებით ფორმაშია და მე მსაყვედურობს, გარეთ მაკიაჟის გარეშე როგორ გამოდიხარო. მე კი მეზარება ხოლმე.
ფეხით სიარული და ცურვა მიყვარს. მანქანას ვაჩერებ და ვაკიდან საბურთალოზე ფეხით მივდივარ.
– ფეხით სეირნობისას თქვენი თაყვანისმცემლებისგან ყურადღებას გრძნობთ?
– საბედნიეროდ, დადებითი ემოცია ხშირია. ამას წინათ შუქნიშანზე ვიდექი. ერთი ადამიანი მომადგა, დახმარებას ითხოვდა. “ვაიმე, ნუკრი ხარ შენ? ჩემი საყვარელი მომღერალი”, – ასე მითხრა. მისმა ერთმა გაღიმებამ ისე გამახარა, ის დღე ამ სიხარულით ვიცხოვრე.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”

