– ირაკლი კობახიძეს “ოცნებამ” უკვე შეუსუსტა პოზიციები. პირველ ეტაპზე ის კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესს ჩამოაცილეს. აშკარად იგრძნობა, რომ მამუკა მდინარაძეა ამ ამბავში პირველი პირი. გარდა იმისა, რომ ამ პროცესს განაგებს, დე ფაქტოდ პარლამენტშიც უკვე ჩაანაცვლა კულულა კობახიძე. ეს ჩანაცვლება მალე ოფიციალურადაც გაფორმდება, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ კახა კუკავა.
– თქვენი აზრით, როგორ წავა ირაკლი კობახიძე, იტყვის, რომ მაიძულებენ, წავიდეო?
– ამას არ იტყვის. უბრალოდ, განცხადებას დაწერს გადადგომის შესახებ. მერე გამოვლენ “ოცნების” ლიდერები და გვეტყვიან, კობახიძემ ამ თანამდებობაზე თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ის საქართველოს სხვა ფრონტზე სჭირდება. გვეტყვიან, რომ დღეს საქართველოსთვის გერმანიასთან კარგი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კულულაც სიამოვნებით დათანხმდება გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას.
– მის შესაძლო წასვლაზე მართლაც აქტიურად მიდის საუბრები და რა დააშავა კობახიძემ ამისთანა? მარტო იმიტომ უნდა წავიდეს, რომ ფილარმონიაში ხმაური იყო?
– დაშავებით როგორ არ დააშავა? მან ჩააგდო ის სფერო, რომელიც მას ჩააბარეს. “ქართულ ოცნებაში” სფეროები არაფორმალურად არის განაწილებული. ვახტანგ გომელაური კურირებს ძალოვან სტრუქტურებს. მართლმსაჯულების სისტემის დალაგება მურუსიძეს დაევალა. საკონსტუტუციო განხილვები ამ ბავშვმა ჩაიბარა და თქვა, რომ ამას მე მიხედავდა.
კონსტიტუციაასთან დაკავშირებით მას სრული თავისუფლება მისცეს და მის საქმეებში არავინ ერეოდა, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილიც. კობახიძე ღებულობდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.
ეს გაგრძელდა, სანამ “ოცნება” ფილარმონიაში სახალხოდ არ გააფარჩაკეს. ამას ივანიშვილის სასახლის კარზე არაოფიციალური განხილვები მოჰყვა. ბევრი ითათბირეს თუ ცოტა, დაასკვნეს – კობახიძე შარს გადაგვყრისო და ასპარეზზე მდინარაძე გამოიყვანეს.
– მდინარაძე რითი სჯობია კობახიძეს?
– მამუკა მდინარაძის სტილი ბევრად მისაღებია. მე სულ ვესწრები განხილვებს. მდინარაძეს მიშა მაჭავარიანის სტილი აქვს აღებული და ასეთ რამეებს ამბობს: კი. კი, მე გეთანხმებით, კომისია შევქმნათ, ჯგუფი შევქმნათ. ხელისუფლება ახლა სიტუაციის დამშვიდებას ცდილობს. მდინარაძე ამ ფუნქციას კარგად ასრულებს. ეს ფუნქცია თავის თავზე ამ დეპუტატს რომ აეღო, ამაში ივანიშვილი კვირიკაშვილმა დაარწმუნა.
ამ თემაზე ჩვენ გვქონდა არაფორმალური საუბარი და ხელისუფლებას ვუთხარით, რომ ფილარმონიის სკანდალი არ მოხდებოდა, რომ არა კობახიძის ტონალობა. პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურებაა, რომ ქვეყნის მთავარი კანონის გარშემო ასეთი კონფრონტაცია შეიქმნა.
ირაკლი კობახიძე ბოლო ექვსი თვის მანძილზე გაიძახოდა ე.წ. ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები. ბოლოს კი მთელ თბილისს კომუნისტები ეძახა.
– ამბობთ 6 თვის მანძილზე ჰქონდა კობახიძეს ასეთი ტონალობაო. მისი ქმედებები რაღა ახლა ემცხეთა ხელისუფლებას? ეს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება თუ რაღაც სხვა მიზეზია?
– ამაზე მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? 3.000 კაცმა გააგდო ფილარმონიიდან “ოცნების” ლიდერები. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ეს ხალხი თავად ხელისუფლების მიერ იყო მოყვანილი. იქ ჩვენ, ოპოზიციამაც ვიაქტიურეთ, მაგრამ თავი და თავი კობახიძის საქციელი იყო. იმ დღეს ხელისუფლებამ ფიასკო განიცადა.
ასეთი რაღაცეები ხელისუფლების შეცვლის წინა პერიოდებში ხდება ხოლმე. “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს ხალხმა პირველად დაანახა თავისი ძალა.

