– პროკურატურის მტკიცებით, მათ იცოდნენ, რომ მამა გიორგის ბარგში ჰქონდა ციანიდი. ამბობენ, რომ იცოდნენ, ის ციანიდის შეძენას აპირებდა და მასზე მიმდინარეობდა თვალთვალი. ამის მიუხედავად, დღემდე ვერ დაადგინეს, თუ სად შეიძინა მამაომ ეს ნივთიერება. არადა, პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ვისთანაც კი კონტაქტი ჰქონდა, ყველა სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
ციანიდის გამყიდველს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. მამა გიორგის ჩანთაში როგორ აღმოჩნდა ციანიდი, ეს მაგათ უნდა აგვიხსნან, – აცხადებს ადვოკატი რამიშვილი.
ადვოკატი კითხვას სვამს პროკურატურის მისამართით – საქმე 3 თვეა მიდის და ახლა ალაპარაკდნენ შესაძლოა თანამზრახველებზე. აქამდე სად იყვნენ? ამ ვერსიაზე თავიდანვე უნდა ემუშავათ. ეჭვი თუ იყო, აქამდე რა ვერ დაადგინეს.
– ხელჩასაჭიდი რომ ყოფილიყო რამე, 3 თვის მერე არ დაიწყებდნენ ამ თემაზე საუბარს. საქმე მართლაც ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს, რას გამოყოფონ საქმიდან, რას გადაყოფენ და რას გაყოფენ შუაზე. გამოყვეს? ჰოდა, ეძებონ შესაძლო თანამზრახველები, ერთი ციანიდის გამყიდველია ნაპოვნი და მეორე თანამზრახველებს იპოვიან.
პროკურატურა ძალიან ცუდ გზას დაადგა და, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეგენი საპატრიარქოში ძალიან ცუდად აფათურებენ ხელებს, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

