„ქართული ოცნება“ მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს“

„ქართული ოცნება“ მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს“– ხელისუფლებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დიდი ხანია რაც საუბრობენ. ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი სამთავრობო კარუსელის დატრიალებას ადრიან გაზაფხულზე ვარაუდობდა, მაგრამ წელიწადის ეს დრო მთავრობამ მშვიდად ჩაამთავრა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს.

კუპრავას ხელთ არსებული ინფორმაციით, მღებრიშვილი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ჩაიბარებს და წავა. პოლიციის დღე კი 30 მაისს აღინიშნება.

– „მკიდია, როგორც გინდათ, გააჩერეთ!“

ეს არის ბრძანება, რომელიც მინისტრმა მღებრიშვილმა გასცა საბედისწერო ღამეს!

ის, რომ მინისტრი იხსნება თვის ბოლოს, არ არის ადეკვატური პასუხი მოცემულ სიტუაციაში.

30 მაისს, პოლიციის აღლუმზე, პოლიციელები უკანასკნელად ჩახედავენ ბალასტს თვალებში.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობის შემდეგ, თანამდებობას მინისტრი მღებრიშვილი დაემშვიდობება, _ დაწერა კუპრავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ახალ თაობასთან“ საუბარში კუპრავამ განმარტა, რომ გიორგი მღებრიშვილის თანამდებობა ცოტა ხნის წინ გორის ტრასაზე მომხდარ ინციდენტს შეეწირება, რომლის დროსაც 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

საზოგადოებისთვის ამ ტრაგედიის დეტალები ცნობილია. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანის გასაჩერებლად პოლიციამ ტრაილერი გამოიყენა. სწორედ ეს ტრაილერი გახდა 21 წლის ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი.

– ამ ტრაგედიის დეტალები პირველმა მე გავასაჯაროვე და ბოლომდე გადავწყვიტე მისი გარკვევა. წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში ვმუშაობდი და იქ ბევრი ნაცნობი მყავს. მათი და სხვა ადამიანების დახმარებით შევეცადე გამერკვია, ვინ გასცა ეს ბრძანება. რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგად დავადგინე, რომ ბრძანება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გასცა, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში კუპრავამ.

მისი თქმით, მინისტრმა პოლიციელებს მოსთხოვა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გაეჩერებინათ ეს მანქანა.

კუპრავას თქმით, პოლიციას ჰქონდა ტრაილერის გამოყენების უფლება, მაგრამ ის მკვეთრი ფერის ციმციმებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი.

– ამ შემთხვევაში არანაირი ნიშნები არ ყოფილა გამოყენებული, რომ მანქანის მძღოლს წინაღობა დაენახა. თან მას 100 მეტრში დაუყენეს ეს ტრაილერი. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი მძღოლი მანევრირებას ვერ მოასწრებდა. მით უმეტეს, თუ მანქანა სწრაფად მოძრაობდა, – აღნიშნავს სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი.

ის გამორიცხავს, რომ პოლიციას ასეთი რამე უფრო დაბალი რანგის ჩინოსნის ბრძანებით გაკეთებინა. მისი თქმით, ბრძანება რომ მინისტრმა გასცა, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამაც იცის.

– ამ საკითხზე „ოცნების“ კულუარებში სერიოზული განხილვები იყო. დეპუტატების უმრავლესობამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვა. ამ თემაზე მინისტრთანაც იყო საუბარი. შს მინისტრმა მოითხოვა, რომ პოლიციის დღეზე აღლუმს ჩაიბარებს და წავა, პოლიციის დღე 30 მაისს აღინიშნება. მინისტრი სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში დატოვებს თანამდებობას, – ამბობს ზვიად კუპრავა.

მისი თქმით, „ოცნების“ კულუარებში უკვე განიხილება მღებრიშვილის შესაძლო შემცვლელები. ამ ეტაპზე ერთი კანდიდატურაა აქტუალური:

– ყველაზე აქტიურად ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა განიხილება. მას ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოსტი უკავია. შს მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა რამდენიმე წლის წინაც განიხილებოდა.