რამაზ საყვარელიძე: „მერის არჩევნებზე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ელისაშვილი იქნება”

რამაზ საყვარელიძე: „მერის არჩევნებზე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ელისაშვილი იქნება"– ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. ალეკო ელისაშვილი ძლიერი კანდიდატი იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და არის დამოუკიდებელი. ელისაშვილმა კარგად იცის, რა ფასი აქვს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ მან უარი თქვა მიღებულ შემოთავაზებაზე. პარტიები არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ყველა პარტიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ამიტომ უპარტიო კანდიდატს ამ ფონზე უფრო მეტი შანსი აქვს საზოგადოების გულის მოგების თვალსაზრისით. პარტია ბევრისთვის რესურსიც არის, თუმცა, გააჩნია, რომელ პარტიაზეა საუბარი, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი აზრით, თბილისი მერი პოლიტიკური ფიგურაც არის, გვინდა ეს თუ არა. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა იყოს, ალბათ – ორივე ერთად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მეურნე უნდა იყოს ანუ უნდა ესმოდეს, რა პრობლემებით ცხოვრობს თბილისი და რამდენად ხედავს მათი გადაჭრის გზებს.

ნახევარი საქართველო ლამის თბილისში ცხოვრობს და, ალბათ, შეუძლებელია, რომ პოლიტიკოსიც არ იყოს, ამ თანამდებობას მაინც აქვს პოლიტიკური წონა, მით უფრო, როდესაც პირდაპირი წესით არჩევნებზეა საუბარი. სწორედ ეს განაპირობებს ამ თანამდებობის პოლიტიკურ წონასაც.

რაც შეეხება სახელისუფლო კანდიდატს, რამაზ საყვარელიზე აცხადებს, რომ ნარმანიას შანსები მინიმალურია.

– პირდაპირ გეტყვით, ნაკლები შანსი აქვს ნარმანიას, ვიდრე კალაძეს. ნარმანიასადმი პრეტენზიები მთელი ამ ხნის განმავლობაში კი არ მცირდება, მატულობს. გარკვეული რამ გააკეთა, მაგრამ ბევრი პრეტენზიაც არის მის მიმართ.

თბილისის დიდი ნაწილი ნარმანიას გაცემული დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს მას. მაგალითად, საარჩევნო კამპანიის დროს ის პირობას დებდა, რომ “სითი-პარკის” საკითხს მოაგვარებდა. ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელია. ასევე იყო დაპირება მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ დარგული ხეების ნაწილი გახმა, მეორე ნაწილი არ ვიცით, დაირგა, გაიხარა?! ასევე იყო ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების იდეა, რაც ასევე ჯერჯერობით შეუსრულებელი ჩანს. საცობების თემა კვლავ აქტუალურია. დაპირება იყო, თითქოს სანაგვე მანქანები გვიან ღამე შეასრულებდნენ სამუშაოს, რომ დილით საცობები არ შექმნილიყო ქალაქში, თუმცა ეს პრობლემაც გადაუჭრელია, – განუცხადა „ახალ თაობას“ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებას დიდი ბრძოლა მოუწევს.