როგორ შეეგუა გიორგი წერეთლის შვილი რატი წერეთელი მამის ახალ ცოლს

როგორ შეეგუა გიორგი წერეთლის შვილი რატი წერეთელი მამის ახალ ცოლსპოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელ გიორგი წერეთელს ერთადერთი შვილი, 13 წლის რატი, პირველი ქორწინებიდან ჰყავს. რატი 5 წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. შემდეგ გიორგიმ მეორედ იქორწინა, მომღერალ ლოლაზე. ოჯახურ ურთიერთობებზე მამა-შვილი ჟურნალ “სარკესთან” საუბრობენ.
– ბატონო გიორგი, ცოლს რომ გაშორდით, ბავშვმა როგორ გადაიტანა ეს ფაქტი?
გიორგი: ჩემი და ლალის გაშორება ძალიან რთული იყო. კაცი ოჯახიდან რომ მიდის, ქალს ხშირ შემთხვევაში ბავშვით შანტაჟი სჩვევია. რაღაც პერიოდი შვილს არც ლალი მაკარებდა. ყველაზე დიდი ხანი, როცა რატის ვერ ვნახულობდი, 4 თვე იყო. ეს პერიოდი საშინლად მახსენდება, მაგრამ ვიცოდი, რომ როგორმე უნდა გადამეტანა. მერე კი ლალი თვითონ მიხვდა, რომ ჩემთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა.
ოჯახის დანგრევა ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რატი ბედნიერი ბავშვია, რადგან დედაც და მამაც ჯანმრთელი და ბედნიერი ჰყავს.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ რატის დედასთან?
გიორგი: იმის გამო, რომ ჩვენი ყველა სატელეფონო საუბარი კამათით სრულდებოდა, დღეს მასთან არანაირი ურთიერთობა მაქვს. ჩემს შვილს ტელეფონი ვუყიდე და პირდაპირ მას ვეკონტაქტები.
– რატიმ როგორ მიიღო თქვენი მეორე ცოლი, ლოლა?
გიორგი: რატი ყოველთვის თბილი ბავშვი იყო. თავიდან ძალიან კარგად მიიღო ლოლა, შემდეგ კი კომპლექსები ჰქონდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ეს ამბავი დედისთვის, ლალისთვის, სასიამოვნო არ იყო. ლოლა რატისთან ყოველთვის გულით იყო, უნდოდა, რომ მოფერებოდა. რატი კი თავის თავში ჩაიკეტა. შემდეგ მამა-შვილმა ვისაუბრეთ, ავუხსენი, რომ ესეც მისი ოჯახი იყო.
რატი ჩვენთან რომ მოდის, ლოლასთვის დღესასწაულია. ჩემი შვილის ჩაცმის საკითხს თავიდან ბოლომდე ის აგვარებს. საყიდლებზე მიდიან და ტანსაცმლის ყიდვას აღარ ამთავრებენ. რატი ეხვეწება ხოლმე, მეტი აღარაფერი მიყიდოო.
რატი: ლოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან ვმეგობრობ. საყიდლებზე რომ მივყავარ, ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვარჩევ, თუმცა რჩევებს მისგანაც ვიღებ. არჩევანს თუ დამიწუნებს, ყოველთვის მიხსნის, რატომ არ მოეწონა. სულ იმას ცდილობს, რომ ხარისხიანი სამოსი მიყიდოს.
გიორგი: ერთმანეთში კამათიც სჩვევიათ. ლოლა რატის შენიშვნასაც აძლევს და ჩემი შვილი ითვალისწინებს. შაბათ-კვირას რატი ჩვენთან ერთად არის რესტორანში, სადაც ვმუშაობთ. შეუძლია ღამის 3 საათამდე სახლში არ წავიდეს ან, თუ წავალთ, შეგვიძლია შუაღამემდე ფილმებს ვუყუროთ. ლოლა ამის გამო ორივეს გვიბრაზდება. რატის ძილის დრო აქვსო, ამბობს.
რატი: ამ დროს არც მე ვუჯერებ და არც გიორგი. ვერ მაძინებს.
– როგორც ჩანს, მამა-შვილი კარგი მეგობრები ხართ.
რატი: კი, ძალიან ვმეგობრობთ. ერთად კინოშიც დავდივართ. შაბათ-კვირას სულ ერთად ვატარებთ. მამა ყოველთვის ინტერესდება ჩემი სწავლის ამბებით.
– რატი, დედასთანაც ასეთივე მეგობრული ურთიერთობა გაქვს?
რატი: კი, თუმცა ხანდახან ვკამათობთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა დილით სკოლაში წასასვლელად მაღვიძებს… თუ გათხოვდება, ამის პრობლემა არ მექნება. დედას პირველი ქორწინებიდან 25 წლის რომა ჰყავს, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ვოლგოგრადში ცხოვრობს. ბიძაც ვარ.
გიორგი: რატის დედა ნახევრად რუსია. მე დედა მყავს პოლონელი და განათლება რუსულად მაქვს მიღებული. ყოველთვის მინდოდა, რატის რუსული სცოდნოდა. ხანდახან რუსულად ვლაპარაკობთ.
– რატი, პროფესია ხომ არ გაქვს უკვე არჩეული?
რატი: პროგრამისტობა მინდა. კომპიუტერულ თამაშებს ვქმნი.
გიორგი: უნდა, რომ კომპიუტერული თამაშები შექმნას, გაყიდოს და ამით ფული იშოვოს.
– გიორგი, რატი დედას უფრო ჰგავს თუ მამას?
გიორგი: ვიზუალურად მე მამსგავსებენ, ხასიათი ორივესი აქვს.
რატი: დედას თუ გავაბრაზებ, მეუბნება, რომ მამას ვგავარ.
– რატი, ამაყობ, რომ პოპულარული მამის შვილი ხარ?
რატი: არასდროს მითქვამს, რომ მამაჩემი მომღერალია. ერთხელ მის რესტორანში კლასელები დავპატიჟე და მაშინ გაიგეს, რომ გიორგი წერეთლის შვილი ვარ.
– გიორგი, თქვენს ვაჟს აქვს მუსიკის ნიჭი?
გიორგი: რატი არ მღერის. სმენა აქვს, მაგრამ რიტმის გრძნობაც აქვს თუ არა, ჯერ ვერ გავარკვიე. ხანახან ღიღინებს და ჩემს სიმღერებსაც უსმენს. მთავარია, ბედნიერი იყოს და იმ საქმით დაკავდეს, რაც ეყვარება.
დედაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, ბიძაჩემი ფიქრობდა, რომ მოჭიდავე ვიქნებოდი. ბოლოს იქით წავედი, საითკენაც გული მიმიწევდა და სცენაზე დავდექი.
– გიორგი, “სარკეს” წინა ინტერვიუში უამბეთ, რომ ქირურგიული ჩარევით კუჭის ოპერაცია გაიკეთეთ. შედეგი აშკარად გაქვთ. თავად თუ ხართ კმაყოფილი?
გიორგი: დიახ, ოპერაციის შემდეგ 1 წელი გავიდა და თანდათანობით 35 კილო დავიკელი. ოპერაციამდე ბოლო 2 თვეში 25 კილოგრამი მოვიმატე და ძალიან შემეშინდა. ზედმეტი წონა ჩემთვის სერიოზული დისკომფორტია. ახლა საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთლიანი გარდერობის შეცვლა მომიწია.
ოპერაციამდე ამერიკაში საყიდლებზე რომ დავდიოდი, ვჩხუბობდი, ლილიპუტების მაღაზიებში რატომ დავდივართ-მეთქი. ახლა, რამე დიდი რომ მაქვს, მიხარია.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”