კომპანია “სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს.
შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ.
– გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, “რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება, – ნათქვამია “სილქნეტის” შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “სილქნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, ამ დროისთვის ჯერ საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ დეტალები გარკვეული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
8 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50-ზე მეტ საკაბელო ტელევიზიას მიუვიდა წერილობითი შეტყობინებები შპს “მედია რაითს ჯორჯიასგან”, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების – “იმედი”, “რუსთავი 2”, “ჯიდიესი”, “მარაო”, “კომედი არხი”, “მაესტრო” კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.
– კომპანია ასევე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ აღნიშნულ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

