საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან

საგარეჯოში არაბები მიწას ყიდულობენ და ოჯახებით სახლდებიან საქართველოში მიწის დაუფლებისა და საცხოვრებლად ოჯახით გადმობარგებული უცხოელები, ძირითადად არაბები, მასობრივად ეუფლებიან მიწის ნაკვეთებს. შემდეგ მათ მიერ დაუფლებულ მიწის ფართობებს ყოფენ ცალკეულ ნაკვეთებად და ახალ-ახალ არაბ ოჯახებს ასახლებენ საქართველოს მიწაზე. მიმდინარეობს უცხოტომელების ტოტალური გადმოსახლება საქართველოში.

35 ათას დოლარად ქონების შესყიდვისა და მოქალაქეობის მიღების ფაქტებზე ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საგარეჯოს რაიონის მკვიდრ ბესო კოჭლამაზაშვილთან დაგვაკავშირა. ის არის მოწმე იმისა, თუ როგორ შეიძინა მის მეზობლად სახლ-კარი არაბმა, გაარემონტა და ახლა ცოლ-შვილი გადმოჰყავს.

ბესო კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ არაბებმა საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელში უკვე შეისყიდეს სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთები და მასობრივად ფუძნდებიან მათი რაიონის მიწებზე.

– ბატონო ბესო, თქვენ აცხადებთ, რომ საგარეჯოში ქართული მიწები იყიდება და მასზე უცხოელები სახლდებიან. რა პროცესი მიდის საგარეჯოში, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

– არაბებმა თვითონ საგარეჯოში, სადგურთან, სოფლებში ნინოწმინდასა და ხაშმში შეიძინეს სახლები. კომპანია ჰყავთ დაქირავებული, რომელიც მათ შუამავლობს.

– სახლებს როგორ ყიდულობენ?

– სახლებს 18-20-25 ათას დოლარად იძენენ, შემდეგ არემონტებენ და ცხოვრობენ. ყიდულობენ სახლ-კარსა და მიწის ნაკვეთებს.

– თქვენ რომელ სოფელში ცხოვრობთ?

– მე თვითონ საგარეჯოში ვცხოვრობ.

– სახლ-კარს რამდენი მიწის ფართობი ახლავს?

– თითოეულს დაახლოებით 2000-2500 კვმ ვენახი და სხვა მიწის ფართობები ახლავს.

– თვითონ საგარეჯოელები მიწას რატომ ყიდიან?

– არ ვიცი. გაჭირვებულები არიან და ყიდიან. სახლ-კარსა და მიწას ყიდიან, პატარა ფასში ბინას ყიდულობენ და იქ ცხოვრობენ.

– უცხოელები ოჯახებით არიან ჩამოსული?

– დიახ, ოჯახებით არიან ჩამოსული. თვითონ რომ ჩამოდიან, არემონტებენ შეძენილ სახლებს და შემდეგ ჩამოჰყავთ ოჯახი. სხვა ოჯახებიც მოჰყავთ.

– კონკრეტულად, რომელი ქვეყნებიდან სახლდებიან?

– ვიცი, რომ არაბები არიან.

– ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხში ჩარეულია? ან ხომ არ მოსულან და უნახავთ?

– არავინ ყურადღებას არ აქცევს. საერთოდ, ამ პროცესით არავინ დაინტერესებულა. როგორ შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს. ცოტა ხანში ქართული მიწის ერთი გოჯიც აღარ შეგვრჩება. ასეთი რამ როგორ შეიძლება.