– ერთი თვეა, იუსტიციის სამინისტროსგან ამაოდ ვითხოვთ პასუხს იმაზე, თუ უცხოეთის რამდენ მოქალაქეზე გაიცა ბინადრობის ნებართვა. პასუხი ვერ მივიღეთ.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 12 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 15,6%-ით შემცირდა. ბოლო თვეების მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა კიდევ 0,5%-ით შემცირდა.
ამ ფონზე უცხოეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აქ ბინადრობის უფლება მიიღოს. არავინ ამოწმებს, საიდან მოდიან ისინი, რა წარსული და რა მიზნები აქვთ, საკმარისია, 35.000 ლარი გადაიხადონ და მორჩა. ისინი გურიაში, კახეთში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამალებით ყიდულობენ მიწებს. ასე თუ გაგრძელდა, მალე თბილისის გარეთ შესაძლოა ქართული დასახლებები აღარც კი შეგვხვდეს, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
მისი აზრით, საზოგადოებას ამაზე თავიდანვე რომ მოეხდინა რეაგირება, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ხელისუფლებასაც ხალხის დუმილის იმედი აქვს და აკეთებს, რაც მოეპრიანება.
– „ქართულ ოცნებაში“ მყავს ახლობლები და ერთხელ მათ ვუთხარი, ასეთ რამეებს რომ აკეთებთ, ხალხის პროტესტის არ გეშინიათ-თქო. მითხრეს, ხალხი არაფერს იზამს, თავს თუ არ დაგვიკრავენ, არც ჩვენ წინააღმდეგ ამოიღებენ ხმასო.
ხალხი მართლა დუმს, ხელისუფლება იმ ქვეყნის მიწებს ყიდის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ჩვენი უმოქმედობის ბრალია ისიც, მურუსიძე უვადოდ რომ ითხოვს დანიშვნას. სანამ ხმას არ ამოვიღებთ, ეს უკანონობა მანამდე გაგრძელდება, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ გიგლა ბარამიძემ.

