სერგეენკოს მოადგილე ვალერი კვარაცხელია გადადგა – რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთან

სერგეენკოს მოადგილე ვალერი კვარაცხელია გადადგა - რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთანჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან დღეს, 5 მაისს, პოსტი დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.

მის გადადგომამდე ”ოლმედიამ” მოვლენების ასეთი განვითარება იწინასწარმეტყველა

კერძოდ, გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში ”ოლმედიას” წყარო ამბობს, რომ ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან წასვლა თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს რომან ფიფიასა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებულ გაუხმაურებელ დავას უკავშირდება.

იმის გამო, რომ ვალერი კვარაცხელია და რომან ფიფია მძახლები არიან (ვალერი კვარაცხელიას ქალიშვილი რომან ფიფიას რძალია), ბიძინა ივანიშვილმა არ ისურვა, რომ კვარაცხელია სახელმწიფო სტრუქტურაში დარჩენილიყო.

თანამდებობიდან ვალერი კვარაცხელიას წასვლამ, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას წალენჯიხის გამგებელს ბესო ფარცვანიასაც, რომელიც ვალერი კვარაცხელიას დისშვილია. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ბეჟან ფარცვანია, რომელიც ნეგატიურ ასპექტში ფიგურირებს “ფოტოგრაფების საქმეში”, ასევე, ვალერი კვარაცხელიას დისშვილი და წალენჯიხის გამგებლის ძმაა.

– ოფიციალურად, ვალერი კვარაცხელიას არ გადააყენებენ, რომ დაპირისპირება დამალონ. სავარაუდოდ, ის თვითონ გადადგება და იტყვის, რომ კერძო ბიზნესში აპირებს წასვლას, – თქვა გუშინ “ოლმედიასთან” საუბარში ინკოგნიტო წყარომ.