“შორენა თეთრუაშვილთან ერთად, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა”

"შორენა თეთრუაშვილთან ერთად, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა"ამ კვირის დამლევს ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ ბევრი სკანდალური ინფორმაციის მომსწრენი გავხდეთ.

პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩანაწერების სრული გასაჯაროება საპატრიარქოს იმიჯს ზიანს მიაყენებს. ამ ჩანაწერებს პროკურატურა ბოლომდე, ალბათ, არ გაასაჯაროებს. საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეს ჩანაწერები სრულად აქვთ ნანახი და მოსმენილი.

საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ თემაზე საუბარს გაურბიან. კომენტარებს მხოლოდ იურისტი ედიშერ ქარჩავა აკეთებს. ის ფიქრობს, რომ, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის გარდა, მინიმუმ 2 პიროვნების მოკვლა იგეგმებოდა.

ამის თქმის საფუძველს მას მხოლოდ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება არ აძლევს. 27 აპრილს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, სადაც წერია რომ მათ მიერ ამოღებული ციანიდი არა ერთი, არამედ რამდენიმე პიროვნების მოკვლისთვის იყო საკმარისი.

– უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ მინდა და ამიტომ არავის არ დავადებ ხელს. ვთქვათ იქს პიროვნებისთვის, რომელიც ამ დანაშაულის ჩადენას აპირებდა და მისთვის შორენა თეთრუაშვილი იყო დამაბრკოლებელი გარემოება და მისი განეიტრალება უნდოდა, ეს არ იყო საკმარისი მიზნის მისაღწევად. მასთან ერთად მინიმუმ 2 პიროვნება უნდა განეიტრალებულიყო, – განაცხადა გადაცემა რეაქციაში გამოსვლისას საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

მას ამასთან დაკავშირებით თავისი ვერსია აქვს.

– მეუფე იაკობი უნდა განეიტრალებულიყო. მისი მკვლელობაც უნდა მომხდარიყო და მამა დავით ჭინჭარაულისაც. ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ პროკურატურის დასკვნაში რაღაც წერია, მაგრამ, ვიმეორებ, მხოლოდ შორენას მკვლელობა არ იქნებოდა საკმარისი. მას ხომ ჰყავს გარემოცვა და არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი მარტო შორენა თეთრუაშვილია, ამიტომაც უნდა მომხდარიყო სხვა პიროვნებების განეიტრალებაც, – ამბობს ქარჩავა.

საპატრიარქოს იურისტი ამბობს, რომ მას პროკურატურის მიერ მოპოვებული ჩანაწერები არ უნახავს. სხვათა შორის, ეს ჩანაწერები მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პირადად მიიტანა საპატრიარქოში.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერების ნახვის შემდეგ განაცხადეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უარი მამა გიორგი მამალაძის მონახულებაზე.

მთელი ამ სკანდალის განმავლობაში არაერთხელ გამოითქვა ვერსია, რომ მამა გიორგი მამალაძეს ჰყავდა თანამზრახველები. რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ სავარაუდო თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს.

თანამზრახველების არსებობაზე აქვს ეჭვი საპატრიარქოს იურისტსაც.

– მე ვერ დავარღვევ ვერავის უდანაშაულობის პრეზუმფციას. მამაო ჩვენთვის უცხო არ არის და ეს არის დიდი დარტყმა ეკლესიისთვის. მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ თუ ის ბრალდება, რომელიც არის მამაოს მიმართ, დადასტურდება, მე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ მასთან ერთად მინიმუმ ერთი ან ორი პიროვნება აუცილებლად იყო, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.