კომპანია სილქნეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
– სილქნეტის სურვილია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ტელევიზიებით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.
ჩვენთვის გაუგებარია „იმედის“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“ მოთხოვნები. „რუსთავი 2“-მა განმარტა. რომ ისინი ითხოვენ საფასურს „გადახვევა-დაპაუზების“ შესაძლებლობის მქონე საკაბელოებისგან, ანუ „სილქნეტისა“ და „მაგთიკომისგან“. ტელეიმედის მიერ მოხდა სრულიად განსხვავებული მოთხოვნის დაყენება არხების ტრანზიტის შესახებ, რაც ეხება საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ტელევიზიას. ხოლო „მედია რაითს ჯორჯიას“ და „მაესტროს“ დირექტორის ზურაბ ნაყეურის განცხადებით ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს საკაბელო ტელევიზიებს. თუმცა ჩვენთვის გაუგებარია რაზე უნდა შედგეს მოლაპარაკება, როდესაც მათ მიერ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.
გვინდა დავიჯეროთ, რომ ზურაბ ნაყეურის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომლითაც მოითხოვდა 20 მაისამდე მოლაპარაკებას, სხვა შემთხვევაში „შეგვპირდა“ 1 ივნისიდან ქართული არხების გათიშვას, გაუგებრობა იყო.
ჩვენთვის აუცილებელია გვესმოდეს კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი მოთხოვნა.
ასევე გაუგებარია, რატომ გამოიწვია გაკვირვება სილქნეტის მიერ ამ ინფორმაციის აბონენტებისთვის შეტყობინებამ, იმ პირობებში, როდესაც სილქნეტს ევალება მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილებების თაობაზე წინასწარ აცნობოს აბონენტებს.
ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოში ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევის გამო, კომპანიას შეუმცირდა მოგების მაჩვენებელი, ხოლო დამატებითი ხარჯები აუცილებლად გამოიწვევს ტარიფის ცვლილებას.
სილქნეტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და იმედს ვიტოვებ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის შედგება ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი და მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორ მხარეთა კომერციული ინტერესები, ასევე აბონენტების ფინანსური შესაძლებლობები.