„სოციალურად დაუცველების ფულს „ქართული ოცნება“ ითვისებს“

„სოციალურად დაუცველების ფულს „ქართული ოცნება“ ითვისებს“ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველების ფულს „ქართული ოცნება„ ითვისებს. მისი თქმით, სასადილოების საქმეში 2 მთავარი კომპანია _ „ილი ჯგუფი“ და `ნილი~ ფიგურირებს.

მონიტორინგის ავტორები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ამ კომპანიების ხელმძღვანელები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

_ კომპანია „ნილის“ დირექტორმა, გიორგი ჯუღელმა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტია `ქართულ ოცნებას~ შესწირა 60.000 ლარი. ამავე წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დავით ნარმანია გახდა თბილისის მერი, გიორგი ჯუღელის კომპანიამ მიიღო ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომელიც გულისხმობს უფასო სასადილოების მომსახურებას, _ ამბობს ხაბეიშვილი,

მისი განცხადებით, გიორგი ჯუღელის კომპანიამ 2014 წლის 30 დეკემბერს კრწანისის რაიონის გამგეობისგან მიიღო 3 მილიონ ლარზე მეტის, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს ისნის გამგეობისგან მიიღო 4 მილიონზე მეტის ხელშეკრულება.

ორივე შემთხვევაში საქმე ეხება უფასო სასადილოებს.

2014 წლის 31 დეკემბერს „ქართული ოცნების“ შემომწირველმა ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგანაც მიიღო 2 მილიონამდე ღირებულების ხელშეკრულება, ამ შემთხვევაშიც უფასო სასადილოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილის განმარტებით, ხელშეკრულებებით განებივრებულმა ჯუღელმა 2015 წლის ბოლოსაც შესწირა „ქართულ ოცნებას“ თანხა. `ოცნებისთვის~ თანხა ჯუღელის მეწილესაც შეუწირავს.

_ კომპანია „ნილიდან“, გიორგი ჯუღელის გარდა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია თეიმურაზ გიორგაძე, რომელიც გახლავთ ამავე კომპანიის დამფუძნებელი და წილის მფლობელი. მან „ქართულ ოცნებას“ 30.000 ლარი შესწირა, _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისმა თანაპარტიელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა კომპანია `ილისა~ და მისი დამფუძნებლების კავშირებზე ისაუბრა.

ბიძინაშვილის განმარტებით, „ილის“ დირექტორები, იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე, თბილისის მერის ყოფილ მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირები არიან. ეს უკანასკნელი ამჟამად ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია.

_ იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე აქტიურად იყვნენ ჩართული ლილუაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში 2016 წელს. ამ პერიოდში მათ მიიღეს 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება სამგორის რაიონის გამგეობისგან უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის, _ ამბობს ბიძინაშვილი.

მისივე განმარტებით, ჩაჩუა-უღრელიძის ტანდემმა 2015 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან მიიღო 6-მილიონიანი ხელშეკრულება უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის.

დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ეს კომპანიები დამატებით შემოსავალს იღებენ „მორგებული“ ტენდერებით:

_ 2016 წელს სამგორის რაიონის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ უფასო სასადილოების მომსახურების დოკუმენტში გამოცხადებულ ტენდერში მითითებული იყო ის მისამართები, რომლებზეც ობიექტები აქვს მხოლოდ `ილი ჯუფს~.

„ახალი საქართველო“ უფასო სასადილოების მონიტორინგს კიდევ აგრძელებს და ყველა დარღვევის გასაჯაროებას აპირებს.

აქამდე მოპოვებული მასალების მიხედვით კი მიიჩნევს, რომ ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.