ტელესახე სოფო ნარჩემაშვილი ეკრანმიღმა აღმოჩნდა. გადაცემა “დღის შოუ”, რომელიც რამდენიმე წელი მიჰყავდა, სხვა გადაცემით ჩანაცვლდა, სადაც აღარ მიიწვიეს. როგორც ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, ის სრულიად განსხვავებულ საქმეში ჩაერთო.
– სოფო, როგორია თქვენი ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც ეკრანზე აღარ ჩანხართ?
– ჯერჯერობით ამ დროს ჩემი ბიზნესისა და ოჯახისთვის ვიყენებ. სანამ სტაბილურ სამსახურს დავიწყებ, ძალიან ბევრი რაღაც მაქვს მოსასწრები. ბევრი დამიგროვდა, რისთვისაც აქამდე ვერ ვიცლიდი.
– რა ბიზნესში ჩაერთეთ?
– ჩემს შვილებს რამდენიმე სახის ბიზნესი აქვთ და მეც მათთან ერთად ვარ. ჩემთვის სწავლა არასდროსაა გვიან. ეს სახალისოა, საინტერესოა, თან ძველიც მალე მბეზრდება. რაღა დაგიმალოთ და, იმ საქმეში, რასაც ვაკეთებდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე და დიდად აღარც მინდოდა გაგრძელება, რაღაც ახალს ვეძებდი. ეს ახალი ალბათ მალე გამოჩნდება.
– სამომავლო გეგმები ისევ ეკრანს უკავშირდება?
– ალბათ – აღარ. უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ დროა სტაბილურ რაღაცებზე ვიფიქრო.
ეკრანზე ყოფნა სხვადასხვა პერიოდებში და სხვადასხვა ტიპის გადაცემებში მომიწია. ორივე სატელევიზიო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი იყო. კარგია, შენი საყვარელი, საკუთარი ქალაქის ქუჩებში ყველა რომ გცნობს, გიღიმის. ტელევიზიას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ ამ საქმეს არასდროს ვთვლიდი ჩემს კარიერად, ჩემი საქმე სულ სხვა რაღაც იყო და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მივაღწიე ამ მხრივ. პროფესიონალი ჟურნალისტი არ ვარ, ამიტომ ტელევიზია ჩემთვის უფრო ჰობი და გართობა იყო.
– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლდა ტელეწამყვანობას?
– რა საქმესაც აკეთებ, იმაში მთლიანად უნდა დაიხარჯო, ამას კი ბევრი დრო მიაქვს. როცა ტელევიზორში ჩანხარ, უფლება არ გაქვს, გქონდეს ისეთი მინუსები, რომლებიც სხვას ეპატიება. ამას გარდა, თანამოქალაქეებს, როგორც ტელესახე, ისე ამახსოვრდები და მერე ძალიან ბევრი დრო გჭირდება იმისთვის, რომ სხვა სერიოზულ სახელმწიფო სტრუქტურაში, ბიზნესში თავი დაიმკვიდრო.
ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ 20 წელი დამჭირდა, დამემტკიცებინა, რომ არამხოლოდ ტელეწამყვანი ვიყავი, სხვა ბევრი რამეც შემეძლო. ახლა თავიდან ვიწყებ ისევ ამას, თუმცა საამისო გამოცდილება უკვე მაქვს.
– დიდიხანი საჯარო სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდით. ისევ ამ კუთხით ხომ არ განაგრძობთ საქმიანობას?
– ბევრი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ახლა ისე დამაინტერესა ბიზნესმა, ამაზე ვარ მთლიანად გადართული. ძალიან კარგია, როცა საკუთარ საქმეს შენ აკეთებ, შენ ხარ ყველაფრის უფროსი, თვითონ გამოიმუშავებ თანხას, შენ თვითონ განკარგავ ყველაფერს და შენი საქმიანობის შედეგსაც ხედავ.
ამ წუთას ისე ვარ გატაცებული წვრილ-წვრილი ბიზნესით, რომ ახალ შემოთავაზებებზე დათანხმებას არც ვჩქარობ. ამ პერიოდს დასვენებას ვერ დავარქმევ, მაგრამ სასიამოვნო სამუშაო ეტაპი მაქვს.
– უყურებთ თქვენს კოლეგებს განახლებულ გადაცემაში “იმედის დღე”?
– რაღაც ფრაგმენტები ვნახე. მომწონს და წარმატებებს ვუსურვებ, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ყველას დიდ პატივს ვცემ.
– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– დილით ბიზნესშეხვედრები მაქვს. სახლში დამხმარე არ მყავს, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, ოჯახის საქმეებიც აუცილებლად უნდა მოვასწრო. მე და ჩემი ვაჟი ერთად ვცხოვრობთ, მასაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. ისევე როგორც ყველა ადამიანი, მეც ყოველდღიური წვრილმანებით ვარ დატვირთული.
ჩემს უახლოეს გეგმებში ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება შედის.
– ოთხი შვილიშვილის ბებია ხართ. მათთვისაც ანაწილებთ დროს?
– სამი ბიჭი და ერთი გოგო მყავს, აქედან პატარები, გოგო-ბიჭი, ტყუპები არიან. 9 საათზე იძინებენ და აუცილებლად 15 წუთით მაინც მივდივარ მათთან, რომ ვნახო.
– თავის მოვლას ახლა მეტ ყურადღებას დაუთმობთ?
– განსაკუთრებულს არც მაშინ ვაკეთებდი და არც ახლა. თმას “იმედში” ვიღებავდი და ვიჭრიდი, სხვაგან არ დავდიოდი, რადგან იქ კარგი სტილისტები არიან. შეიძლება ისევ იქ ვიარო ან სხვაგან, არ ვიცი. სახის და კანის მოვლის განსაკუთრებულ პროცედურებსაც არ ვიტარებ.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”

