თამარ ურუშაძეს მკაცრმა დიეტამ ჯანმრთელობა დაუზიანა

თამარ ურუშაძეს მკაცრმა დიეტამ ჯანმრთელობა დაუზიანატელეჟურნალისტ თამარ ურუშაძის სახის კანი და თმის ხარისხი მის პროფესიას ეწირება, რადგან საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ეკრანისთვის მძიმე მაკიაჟიც სჭირდება და ფენის გამოყენებაც. ამიტომაცაა, რომ რომ ტელევიზიის მიღმა სისადავის და ბუნებრიობის მოთხოვნილება აქვს.
– ეკრანი მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს. თქვენ რა პროცედურები გჭირდებათ ამისთვის?

ჟურნალ “სარკის” ამ კითხვას თამარი ასე პასუხობს:
– განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახის კანს შეძლებისდაგვარად ვუვლი. დღის, ღამის და თვალის ირგვლივ წასასმელ საცხებს ვიყენებ, ასევე ნიღბებს. ზოგჯერ გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც ვიტარებ.
ეკრანზე ნორმალური ეფექტის მიღება უფრო ვიზაჟისტების და მაკიაჟის დამსახურებაა, რადგან მაქსიმალურად იფარება ის დეფექტები, რომლებიც კანზე მაქვს.
– სახის თანამედროვე ესთეტიკური პროცედურებიდან რას იყენებთ?
– ტუჩების ფორმასთან დაკავშირებული პროცედურა მაქვს ჩატარებული, ასევე – ლაზერის პროცედურები, რომლებიც სახის კანს წვავს და მერე ახალი კანი ამოდის. სახეზე ვიტამინების კოქტეილებიც მაქვს გაკეთებული. პლასტიკური ოპერაციები კი ნამდვილად არ მინდა, კმაყოფილი ვარ იმ ფორმებით, რაც მაქვს.
– საეთერო ვარცხნილობის გაკეთება თქვენი თმის ხარისხზე როგორ მოქმედებს?
– იმის გამო, რომ ყოველდღიურად მიწევს საშრობის გამოყენება, თმა ძალიან შრება. მოკლედ, ჩვენს პროფესიას ძალიან ხშირად ჩვენი გარეგნობა ეწირება.
თმასთან დაკავშირებით პრობლემები სულ მაქვს. ვხუმრობ ხოლმე, რომ ჩემი თმა პიროვნება, ცალკე ინდივიდია. საშინლად ჯიუტია, თავის ჭკუაზე იცის დადგომა. რაღაც ადგილებს რომ გაასწორებენ, ისევ გამოვარდება, ამიტომ ეთერში თმა უფრო ხშირად შეკრული მაქვს.
ჩემი ბუნებრივი ფერი მუქი წაბლისფერია. ახლა ოდნავ გაღიავებულია და მელირებაც მაქვს გაკეთებული.
– თქვენი სატელევიზიო სტილი სოლიდური, კლასიკურია. ეთერის მიღმა თუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შორტები, მოკლე კაბა, თუნდაც დეკოლტეთი და ა.შ. ჩაიცვათ?
– არასდროს მაცვია დეკოლტე და ზედმეტად მოკლე კაბები. სხეულის გამოჩენით, მუქი ფერის ტუჩსაცხით ყურადღების მიქცევა არ მიყვარს. 7 წელია მუქი ფერის ლაქიც კი არ მსმია, სულ ღია ფერს ვიყენებ.
– თქვენი აზრით, ქალს მომხიბვლელს რა ხდის?
– შინაგანი სილამაზე, ინდივიდუალურობა, ეს იქნება საუბრის მანერა, თვალებში ცეცხლი თუ ა.შ.
– დიეტის დაცვა დაგჭირვებიათ?
– დიეტას 3-4 საათამდე ვიცავ, მერე ვარღვევ. ზაფხულში ძალიან ცუდი რამ გავაკეთე, ერთი თვის განმავლობაში დღეში ერთხელ ვჭამდი, 53 კილომდე დავედი, მაგრამ ამ ყველაფერმა მძიმე შედეგები მომიტანა. დავსუსტდი, ძალიან ცუდად გავხდი, სიარულიც კი მიჭირდა, ქოშინი მეწყებოდა. მეგონა, რომ გულის პრობლემები მქონდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ რკინის ნაკლებობა მაქვს. ასე დამაზარალა დიეტამ.
– რამდენ კილოგრამს ებრძვით ხოლმე?
– ახლა 59 კილო ვარ და სულ მინდა, რომ 53-მდე ჩამოვიდე. ეს 6 კილო წლების პრობლემაა, რომელსაც ვერაფრით მოვერიე. როცა ვვარჯიშობ, კარგი შედეგი მაქვს, მაგრამ თავს რომ ვანებებ, ისევ ვიმატებ. საბედნიეროდ, 59 კილოზე მაღლა არ ავსულვარ, ჩემი რეკორდი ეს არის. ძალიან მიხდება სიგამხდრე.ძვალი და ტყავიაო, ხომ ამბობენ, მე მიყვარს, როცა ასეთი გამხდარი ვარ.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”