“თქვენი უწყება უუნარო აღმოჩნდა”- თინათინ ხიდაშელი გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართავს

"თქვენი უწყება უუნარო აღმოჩნდა"- თინათინ ხიდაშელი გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართავსთავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს და გიორგი მღებრიშვილს ოკუპაციის კანონის დაცვასთან დაკავშირებით რჩევებს სთავაზობს:

– ბატონო გიორგი,

მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტის დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო, როდესაც თქვენი უწყება, უბრალოდ, უუნარო აღმოჩნდა აღესრულებინა ქვეყნის კანონი, თავიდან აეცილებინა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მოგმართოდ წინამდებარე განცხადებით და მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

დასაწყისშივე ცალსახად უნდა მიგითითოთ:

პუნქტი 1:

კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს.

პუნქტი 2:

დანაშულის ფაქტის დადგენა სწორედ მას-მედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს. შესაბამისად უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება.

პუნქტი 3:

თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე, მანამდე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავება.

პუნქტი 4:

პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს ან უარყოფს. უკვე არსებული ინფორმაცია და გავრცელებული ცნობები, ფოტო-მასალა ადგილიდან და ინტერვიუები სოხუმსა და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას.

აღნიშნულ წერილში საიდუმლო არაფერია, ისევე, როგორც საიდუმლო არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატონი ლუჟკოვის ვოიაჟები, ქვემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო თქვენს უწყებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ბატონი ლუჟკოვის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაარკვია მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საკითხი. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გიგზავნით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცნობილი ადამიანის ერთი ოცეულის ვიზიტის შესახებ. ოცეული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პერიოდულად სტუმრობს და გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკითა და მოქმედებით.

იმედია, მათი და მრავალი ასეული სხვა მსგავსი პირის ჩვენს საზღვრებთან გამოჩენამდე მიიღებთ შესაბამის ზომებს პრევენციისთვის.

ეს ადამიანები, და იური ლუჟკოვის მაგალითზე ეს საუკეთესოდ გამოჩნდა, არა მხოლოდ კანონდამრღვევები არიან, არამედ, რუსული რბილი ძალის ამოცანების საუკეთესო გამავრცელებლები.

ამასთანავე, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ფესტივალებს, კონცერტებს, კონფერენციებს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ტარდება, რადგან მათ ხშირად სტუმრობენ რუსული სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლები. შესაბამისად, შავი სიისთვის ბევრი ინფორმაცია, სწორედ, ამგვარი წყაროებიდან გახდება თქვენთვის ცნობილი.

მზად ვარ, მომავალშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია და დაგეხმაროთ თქვენი საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.

პატივისცემით, თინათინ ხიდაშელი- საქართველოს მოქალაქე, – აღნიშნულია ღია წერილში.