ცოტნე გამსახურდიას მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
საუბარია პატიმრობის პერიოდში ქრთამის მიცემის ბრალდებაზე, რაზეც გამსახურდიას 2011 წელს სასჯელი დაემატა და სასამართლომ კიდევ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
სტრასბურის სასამართლომ მისი სარჩელი დასაშვებად ცნო და განხილვის პერიოდში, საქართველომ გამსახურდიასთან მეგობრული მორიგების სურვილი გამოთქვა.
ევროსასამართლოს განჩინებით, მორიგების შემდეგ, საქართველოს ცოტნე გამსახურდიას ფულადი კომპენსირება დაევალა. პარალელურად, პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. ევროსასამართლოს განჩინება კი, ახალ გარემოებად დაერთო საჩივარს, რომელიც გამსახურდიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს.
ძიების შემდეგ, საქმის ხელახალი გადახედვა სააპელაციოში პროკურატურამაც მოითხოვა. საქმეები გაერთიანდა და საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დღეს ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს გამსახურდიას ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა, დადგინდა, რომ პატიმრობის პერიოდში, ცოტნე გამსახურდიას მიმართ ციხის თანამშრომლებმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს.