გასულ კვირას პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძეს ბრალიც დაუმძიმა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის ანგარების მიზნით აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
ამავე უწყების განმარტებით, მამა გიორგი თეთრუაშვილს მიიჩნევდა თავისი კარიერული წინსვლის შემაფერხებლად.
პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ შორენას და მამაოს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ.
მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც დეკანოზი თბილისში გადმოვიდა და ქონების მართვის სამსახური ჩააბარეს.
– დეკანოზი ამბობდა, რომ თეთრუაშვილი მას არ აძლევდა გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებების საშუალებას. მამა გიორგი მუდმივად აცხადებდა, რომ ის, სოსო ოხანაშვილი და მეუფე პეტრე თეთრუაშვილს პირად მტრად განიხილავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები მოწყობილიყო, – განუცხადა მამალაძემ საზოგადოებრივს.
ჟურნალისტის თქმით, დეკანოზი გიორგი შორენა თეთრუაშვილზე გარკვეული მასალებისა და კომპრომატების გამოქვეყნებას ითხოვდა, თუმცა, როდესაც ირაკლი მამალაძემ მას მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები მოსთხოვა, დეკანოზს მსგავსი დოკუმენტები არ აღმოაჩნდა.
– ყოვლად შეუსაბამოდ მიმაჩნია ის გარემოებაც, რომ მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდი და დეკანოზს არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი ან მსგავსი რამ და არ მითხრა მე, რადგან ეს საკმარისი იქნებოდა შორენას გასანეიტრალებლად. შხამიანი ნივთიერების მოპოვება და თხოვნა-მოძიება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ამით დასრულდებოდა შორენას კარიერაც საპატრიარქოში, – აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.
საზოგადოებრივთან საუბარში ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ არ იცის, ვისგან იყიდა დეკანოზმა ციანიდი და მან ალტერნატიული გზა აარჩია.
– მზად ვარ, დღესვე, თუ დეკანოზი სიმართლეს იტყვის, ბოლომდე გავუმყარო არგუმენტები ჯგუფთან დაკავშირებით, თუ ვინ იდგა მის უკან და ვისთან მიჰქონდა ციანიდი. ვისგან იყიდა ციანიდი, არ ვიცი. ის სამი დღე გაქრა ჩემგან და, შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ მან ალტერნატიული გზა მოძებნა ციანიდის შესაძენად. ამ საქმეს რაც შეეხება, მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ შორენა თეთრუაშვილის კი არა, პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, – ამბობს ირაკლი მამალაძემ.
მისი თქმით, დაკავებული დეკანოზის მდგომარეობა მისმა ადვოკატებმა კიდევ უფრო გაართულეს, რადგან ისინი არ ურჩევენ მამა გიორგის, დაასახელოს ის პირები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულები.
– მამა გიორგი რეალურად გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ვხედავთ, რომ მისი ჩვენებები აცდენილია დროში, სივრცეში და სრულიად შეუსაბამოა. მამა გიორგის ადვოკატებმა ეს საქმე ჩააოხრეს და შეიყვანეს ჩიხში. იმ ვერსიებით, რომლებიც მათ შესთავაზეს გამოძიებას, პროკურატურას მისცეს სრული კარტბლანში, რომ ის დასკვნა დაედო, რომელიც დადეს. ზოგადად პროკურატურას ხელს არაფერი არ უშლის, რომ დააყენოს 16-20-წლიანი განაჩენი ამ საქმეზე, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მთავარი მოწმის თქმით, მამა გიორგი მარტო დარჩა ამ საქმეში და აქტიურად აღარ ჩანან ის ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად დეკანოზის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ.

