დღეს დიდი წივილ-კივილია იმაზე, თუ სად უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ამ დროისთვის დეპუტატები 2 პარლამენტში მოღვაწეობენ და 2 პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს დამატებითი თანხები უჯდება.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობა პარლამენტის თბილისში გადმოტანას უჭერს მხარს. მეოცნებეთა მცირე ჯგუფი და ნაციონალები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი სავარდო და სამაისო ქუთაისში უნდა დარჩეს.
ორივე მხარე იმაში თანხმდება, რომ 2 პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს ძვირი უჯდება.
“სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისის პარლამენტის შენობის შენახვა უფრო ძვირი ყოფილა.
_ 2016 წელს ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტმა 688.848 ლარის კომუნალური გადასახადი გადაიხადა, რომელშიც შედის ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი და დასუფთავება, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს თბილისში მდებარე შენობამ მარტო კომუნალურ გადასახადებში 1.065.998 ლარი გადაიხადა.
ქელბაქიანის განმარტებით, ეს კვლევაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი.
_ გამოდის, რომ თბილისის პარლამენტი ნახევარჯერ მეტ თანხას იხდის, ვიდრე ქუთაისის პარლამენტი. როცა ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პარლამენტში გადმოსვლას „აპრავებენ“, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, მხოლოდ ეს ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს.
მთელი ეს წლები ამტკიცებდნენ, რომ ახალი პარლამენტის შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამ კვლევის მიხედვით კი ნათლად ჩანს, თუ რომელი შენობის შენახვა ჯდება გაცილებით ძვირი, _ ამბობს მარიამ ქელბაქიანი.
მისი განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის დარჩენა ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
_ იმის გულისთვის, რომ ვოლსკის სიარული ეზარება, პარლამენტი ქუთაისიდან არ უნდა გადმოვიდეს და დამატებით მილიონები არ უნდა დაიხარჯოს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი თბილისელია. დეპუტატები სხვადასხვა რეგიონიდანაც არიან და მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქალაქში წავლენ, თბილისში თუ ქუთაისში, _ ამბობს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი.
მისი თქმით, იმ თანხით, რომელსაც თბილისის პარლამენტი მარტო კომუნალურებში ხარჯავს, თავისუფლად შეიძლება, დეპუტატებს გადაადგილების პრობლემა მოვუხსნათ.
_ 1.065.998 ლარად თავისუფლად უზრუნველყოფთ 150 პარლამენტარის გადაადგილებას. ეს თანხა 150-ზე რომ გავყოთ, დაახლოებით 7.000 გამოსდის თითოს. ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქუთაისამდე ჩავიდნენ. დღეს კი მხოლოდ იმისთვის, რომ პარლამენტარებს ეზარებათ ჩვენივე ნაქირავები ავტომობილებით გადაადგილება, ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ, _ განაცხადა მარიამ ქელბაქიანმა.
მისი განმარტებით, ამდენი თანხის ტყუილი ხარჯვა თუნდაც იმიტომ არის უაზრობა, რომ დეპუტატები პარლამენტში თითქმის არ დადიან.
_ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ პარლამენტის სხდომები კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოჩნდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით. უსაქმური დეპუტატების გამო ამდენი ფულის გადაყრა დაუშვებელია.
ჩვენს კვლევაში მხოლოდ კომუნალურ გადასახადებზეა საუბარი. ამას თანამშრომლების ხელფასები, ინტერნეტისა და ტელეფონის გადასახადიც რომ დამატებოდა, დანახარჯი გაცილებით დიდი იქნებოდა. და ეს დანახარჯი მართლაც დიდია, უბრალოდ, ის ჩვენს კვლევაში ასახული არ არის. უაზროდ იხარჯება აქეთ-იქით ფული. ამ ბიუჯეტს კი ამდენი მართლა არ შეუძლია, _ ამბობს „ახალი საქართველოს“ წევრი.
მისი განმარტებით, რაც მალე მოეძებნება თბილისის პარლამენტის შენობას ახალი ფუნქცია, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
_ ამ მთავრობას მყიდველის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. მოუძებნონ თბილისში მდებარე შენობას მყიდველი და თავი დაანებონ ბიუჯეტიდან ფულის ტყუილად ხარჯვას, _ აღნიშნავს ქელბაქიანი.

