– ჩინჩალაძე, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციხეში უნდა მჯდარიყო, ჯერ უვადოდ გაამწესეს სასამართლოში და ახლა ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის ხელში გადავიდა, რომელიც მოსპობს სამართლიან სასამართლოზე ოცნებას, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი “ახალი თაობასთან”.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, სააკაშვილის რეჟიმი იდგა მურუსიძეებზე, ჩინჩალაძეებზე, მეიშვილებზე, ცერცვაძეებსა და კუბლაშვილებზე. ეს ხუთი ადამიანი იყო, რომელიც მართავდა სააკაშვილის დროს სასამართლო სისტემას. ადეიშვილის და მერაბიშვილის იდეების გამტარებელი კი იმდროინდელ სასამართლოში იყო სწორედ ჩინჩალაძე.
– ჩინჩალაძე იყო ერთ-ერთი დიდი სირცხვილი სასამართლო სისტემის. ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს არის საარჩევნო აფიორა ივანიშვილის მხრიდან. ამას ეკონომიკური რეფორმები ხომ არ სჭირდებოდა, ან დენის ტარიფის შემცირება?! ეს ხომ არ იყო ასი ქარხანა?! აქ საჭირო იყო პოლიტიკური ნება!
ივანიშვილს თავიდანვე რომ ეთქვა, რომ მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე ააგებდა სასამართლო სისტემას, ის ხელისუფლებაში საერთოდ ვერ მოვიდოდა! ივანიშვილი მატყუარაა, მან უღირსად მოატყუა სამოქალაქო საზოგადოება! სწორედ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ივანიშვილს დაუპირისპირდა. თავიდანვე გამოვედი და განვაცხადე, რომ ამ ადამიანს ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავდა და სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ოდიოზური ფიგურები გახდებოდნენ ივანიშვილის საყრდენები. მაშინ ბევრი მლანძღავდა, იგონებს ხატიაშვილიო, მაგრამ რაც მე ვთქვი, ერთი ერთში დადასტურდა. თავიდანვე განვაცხადე, რომ მურუსიძესთან გარიგებული იყო ივანიშვილის რეჟიმი. სამოქალაქო საზოგადოება დღესაც ვერ გამოფხიზლდა, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
ადვოკატის აზრით, იმ ხალხს, ვინც უსამართლობა დათესა ქვეყანაში, მისცეს ხელშეუხებლობის გარანტია და დანიშნეს უმაღლეს თანამდებობებზე. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლით ეს ხალხი გადაარჩინა და ეს იყო საარჩევნო აფიორა.
– სააკაშვილი და ივანიშვილი ზუსტად ერთნაირი ჩამოსხმაა. ძალიან მიჭირს მათი განსხვავება, არც ვთვლი, რომ ერთმანეთისგან რამით განსხვავდებიან.
როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, იუსტიციის საბჭომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ითქვა, რომ ისეთი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გახდება არჩევითი თანამდებობაო. მესამე ტალღა განვახორციელეთო და რა მოხდა ამ მესამე ტალღით? სასამართლოს თავმჯდომარეს ნიშნავს იუსტიციის საბჭო.
მურუსიძეებმა იძალეს ამ მესამე ტალღაში და მათ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე შეუძლიათ, აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარე და კოლეგიის თავმჯდომარე. შემდეგ კი ამ სასამართლოს თავმჯდომარეებით აკომპლექტებენ იუსტიციის საბჭოს. ორმაგი წნეხის ქვეშ აყენებენ მოსამართლეებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს დაემორჩილონ! – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ზაზა ხატიაშვილმა.

