გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ამავე გუნდის მცველ კლეი ტომპსონს გაეხუმრა.
იუტა ჯაზთან პლეიოფის მესამე მატჩში, რომელიც გოლდენ სტეიტმა მოიგო, ზაზა ფაჩულიამ კლეი ტომპსონზე მეტი ქულა მოაგროვა – 7 6-ის წინააღმდეგ.
არადა, კლეი ტომპსონი საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებს მატჩში, ზაზა კი _ 6 ქულას.
ამ შეხვედრის შემდეგ ზაზამ ინსტაგრამში მისი და კლეი ტომპსონის ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა გაუკეთა _ ”ისტორიული საღამო”.
ზაზამ ესეც არ იკმარა და გუშინდელ ვარჯიშზე თანაგუნდელს მის მიერ დამზადებული გაზეთ ”სან ფრანცისკო ქრონიკლის” პირველი გვერდის ამონაჭერი აჩვენა უშველებელი სათაურით – ”ფაჩულიამ ტომპსონს გაასწრო”. მეტი დამაჯერებლობისთვის მან შედეგების ცხრილიც გააკეთა, რომელშიც ჩანს, რომ მან 7 ქულა მოაგროვა, ტომპსონმა კი – 6.
ამბობენ, რომ კლეი ტომპსონმა ხუმრობა ბოლომდე ვერ გაიგო და გაზეთის ამონაჭრის დაწვით დაიმუქრა.
გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩს ხვალ ითამაშებს სან ანტონიოსთან.

