დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში სან ანტონიოს ვარსკვლავმა კავაი ლეონარდმა ზაზა ფაჩულიასთან შეჯახების შემდეგ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამ ინციდენტამდე გოლდენ სტეიტი საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ 113;111 მოგება შეძლო.
კავაისა და ფაჩულიას შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე კავაი უკვე დაშავებული იყო, მაგრამ მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ის არ შეცვალა. ფაჩულიასთან შეჯახება კი ასე მოხდა – კავაიმ მოედნის კიდიდან ტყორცნა და ჩააგდო, ზაზამ მისი დაფარება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. როდესაც ორივე მიწაზე დაეშვა, კავაი ფაჩულიას ფეხს წამოედო და ფეხი გადაიბრუნა. მსაჯმა ბურთი ჩათვალა და ჯარიმაც დაუსტვინა, კავაიმ ბურთი ჩააგდო, მაგრამ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამ ინციდენტმა დიდი აურზაური გამოიწვია. სპურზის მწვრთნელმა პოპოვიჩმა ზაზას განგებ უხეშობა დააბრალა, რასაც არ დაეთანხმა დალავს მავერიკსის მფლობელი მარკ კუბანი.
ზაზა დალასში ერთი წელი თამაშობდა და ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მარკ კუბანს ის დაეცვა.
– არა, ზაზა ასე არ თამაშობს, – ასე უპასუხა ტვიტერზე კუბანმა ფაჩულიას კრიტიკოსებს.

