დარეჯან ხარშილაძე: “არ მინდოდა, გეგა კობახიძის დედის როლი მეთამაშა”

დარეჯან ხარშილაძე: "არ მინდოდა, გეგა კობახიძის დედის როლი მეთამაშა"რუსთაველის თეატრის მსახიობმა დარეჯან ხარშილაძემ ფილმში “მძევლები” გეგა კობახიძის დედის, ნათელა მაჭავარიანის როლი ითამაშა. მსახიობი ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა. ის ყვება:
– ქალბატონ ნათელასთან ერთად სცენაზე ვდგავარ, მას ძალიან კარგად ვიცნობ, აღტაცებული ვარ მისი სულიერი სიძლიერით. ის თავშეკავებულობა, რომელიც მას აქვს, მგონი, მოვახერხე და კარგად გადმოვეცი. ძალიან სამართლიანი პიროვნებაა, გულგრილად ვერ ჩაუვლის უსამართლობას. არ იყო მოთხოვნა, რომ ქალბატონი ნათელა ერთი ერთში მეთამაშა, ფილმში ჩემი გმირი არის სიმბოლური სახე.
გეგა იყო საოცრად ნიჭიერი, კარგი გარეგნობის, ნათელი პიროვნება, სიცოცხლის მოყვარული…
– საუბრისას ძალიან ნერვიულობთ… ახლაც განიცდით ამ მოვლენებს?
– სწორად შენიშნეთ. მართლა ძალიან ვნერვიულობ. ვერ გადმოგცემთ, გადაღების დროს როგორი ემოციები მქონდა. ეს თემა ძალიან სათუთია ჩემთვის.
– ქალბატონმა ნათელასთან გქონდათ საუბარი, როცა ფილმი ნახა?
– მან უყურა ფილმს და აღნიშნა ჩემი კარგი თამაში… ამ როლზე ლაპარაკი მართლა ძალიან მიჭირს. ქალბატონმა ნათელამ რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა ეს ყველაფერი. როდესაც ეს როლი შემომთავაზეს, წინააღმდეგი ვიყავი. რეზო გიგინეიშვილს ძალიან გაუჭირდა ჩემი დათანხმება.
სასამართლოს სცენაში, გადაღების დროს, როცა მე ამ ბავშვებს ვუსმენდი, თითქოს ზუსტად იგივე გზა გავიარე ემოციურად, როგორიც ჩემმა გმირმა. ისე განვიცდიდი, ცრემლს ვერ ვიკავებდი. რეჟისორი მთხოვდა, რომ ამ სცენაში არ მეტირა… არ ვიცი, ამაზე მეტი საუბარი არ შემიძლია.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”