მსახიობი დარეჯან ხარშილაძე ჟურნალ “სარკესთან” თავისი ოჯახის ისტორიას იხსენებს და ყვება, თუ როგორია მისი ცხოვრება სცენის მიღმა:
– მყავს მეუღლე, თენგო დოდელია და ერთადერთი ვაჟი – ლუკა დოდელია. ის კომპიუტერული პროგრამირებით არის დაინტერესებული, ეს საქმე კარგად გამოსდის. პირველი კურსი დახურა თუ არა, მუშაობა დაიწყო.
ლუკა გვიან ასაკში შემეძინა. შვილთან დამოკიდებულება ამაღელვებელია, არ მინდა, მისი ცხოვრებიდან რამე გამომრჩეს. 23 წლისაა და მასთან არ დამჭირვებია სიმკაცრე. ზოგადად, ბავშვი ყოველთვის მართალია და ძალიან კარგად იგებს, თუ სწორად აუხსნი, რა არის კარგი და ცუდი, რა შეიძლება და რა – არა.
– ქმარ-შვილისგან გრძნობთ ხელშეწყობას?
– თენგო რუსთაველის თეატრში მუშაობს გამნათებლად. ქმარი და შვილი ხედავენ, როგორი პასუხისმგებლობით ვუდგები საქმეს, როგორ ვნერვიულობ, ამიტომ ისინი სულ მამშვიდებენ.
მე და თენგო 26 წლის ცოლ-ქმარი ვართ. იყო პერიოდები, როცა ვჩხუბობდით და ეს ხდებოდა პირდაპირ ბავშვის თანდასწრებით. ამაზე ლუკა ძალიან ნერვიულობდა. მერე ვასწავლე, როცა ჩხუბს დავიწყებთ, მოითხოვე, რომ გავჩერდეთ-მეთქი. სამწუხაროა, რომ ბავშვს ამისგან ვერ დაიცავ.
– როგორ შეძელით სტაბილური ოჯახის შენარჩუნება?
– სულ ვფიქრობ, თავის დროზე რომ გავთხოვილიყავი, ასე ვერ შევინარჩუნებდი ოჯახს. საკმაოდ შეგნებულ ასაკში გავთხოვდი, აბსოლუტურად გააზრებული მქონდა, რა არის ოჯახი.
– ქალისთვის, განსაკუთრებით კი მსახიობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგნობას. ყურადღებას, დროს უთმობთ საკუთარ თავს?
– ამაზე ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით: როცა გავიგე, რომ ბერლინში მივდიოდით კინოფესტივალზე, ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ჩემი მეგობრები იმ საკითხში, თუ რას ჩავიცვამდი, რა სამკაულს გავიკეთებდი, როცა წითელ ხალიჩაზე მომიწევდა გავლა. სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ასე იყო, ზოგმა სამკაული შემომთავაზა, ზოგმა – კაბა. მერე მისაყვედურეს, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვუთმობ დროს.
ამას წინათ ამოვიკითხე, რომ ერთმა ამერიკელმა არტისტმა დაჯილდოებაზე ნათხოვარი ყელსაბამი დაკარგა და თავად ყვებოდა ამ ისტორიას. ასე რომ, მათაც იგივე პრობლემები აქვთ.
– რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად?
– არ მინდა ასეთ თემებზე საუბარი… ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ, სამზარეულოში მძინავს. არ მაქვს სამზარეულო. ამ ასაკში რომ ასე მოუწყობელი გექნება…
მადარდებს ის ამბავი, რომ ჩემი ბიჭი გაიზარდა, ვინ იცის, იქნებ ცოლის მოყვანა უნდა და რაღაცების გამო არ შეუძლია ამის გაკეთება. ისე კი თვითონ ამაზე არ წუწუნებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს შეძლებს.
სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ ასაკში იყო ასეთი მოუწყობელი? მაგრამ ამისგან პრობლემა არასდროს შემიქმნია. რაც მაქვს, ვახერხებ, იმით ვიყო კმაყოფილი.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

