გიგი კალანდაძე: „ქართული ოცნება” ანგრევს შეიარაღებულ ძალებს“

გიგი კალანდაძე: „ქართული ოცნება" ანგრევს შეიარაღებულ ძალებს“საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანმიმართულ ნგრევაზე საუბრობს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე.

ქართულ ჯარში არსებულ ვითარებაზე მან ერთი წლის წინაც გააკეთა სკანდალური განცხადება.

მისი თქმით, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს საიდუმლო ობიექტებზე დაუშვეს ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც ეს ობიექტები ვიდეოზე გადაიღო და რუსეთს გადასცა.

ამ საქმის გამოძიების პირობა დადო იმ დროს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა თინა ხიდაშელმა. თუმცა მან ეს ვეღარ მოასწრო, რადგან, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო, პოსტიდან წასვლა მოუწია.

საიდუმლო ობიექტების გადაღების ფაქტი ყველამ მიივიწყა. ეს ამბავი ჯიბუტის სკანდალური განცხადებების შემდეგ გაიხსენა კალანდაძემ.

უკრაინაში გადახვეწილი ქართველი გენერალი ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მძიმე ვითარებაა. პირველ რადიოსთან საუბარში კალანდაძე ამბობს, რომ ქართულ ჯარს საქართველოს მთავრობა რუსეთის დაკვეთით ასუსტებს.

– დიდი ხანია ვაცხადებ, რომ “ქართული ოცნება” ანგრევს შეიარაღებულ ძალებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამის დასტური იყო, როგორ შევიდა წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე. მანდ არაფერი აღარ იმალება, ახალგაზრდა ოფიცერიც გამოდის და საუბრობს საგანგაშო მდგომარეობაზე. ეს მხოლოდ ჩვენ მტერს აწყობს. ამ ყველაფერს მე დავარქვი უნიათობით შენიღბული ოკუპაცია, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, – ამბობს კალანდაძე.

დევნილობაში მყოფი გენერალი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ბოლომდე არ საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება ქართულ ჯარში. პირველ რადიოსთან საუბარში ის რუსულ ვენდეტაზეც საუბრობს.

– ეს არის პირველ რიგში მეზობელი რუსეთის და მისი ხელმძღვანელობის ინტერესში. ასევე იმ ხალხის, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში “ქართული ოცნების” სახით. ყველაფერი დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან, ეს არის მხოლოდ რუსული ვენდეტა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იზორია არის ალასანიას გზის გამგრძელებელი. მათ არავინ არაფერს არ ეკითხება. არის ძალიან სავალალო მდგომარეობა, – ამბობს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი.