სახელისუფლებო გუნდში ახალი დაპირისპირება იწყება.
დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ილაშქრებს და მას ბიზნესში ჩარევაში ადანაშაულებს.
კანონმდებლისა და ფარმაცევტის რისხვა მინისტრმა წამლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა.
დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ. მინისტრის განმარტებით, ქართულ მხარეს ასეთი რჩევა ევროპელებმა მისცეს.
კახა ოქრიაშვილი კი ამ ინიციატივას სულ სხვანაირად აფასებს და არც ევროპელების რჩევის სჯერა.
– მსგავს ევროდირექტივას არ ვიცნობ და ასეთი არ არსებობს. იმას ვემხრობი, რომ სახელმწიფომ, მათ შორის სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, ამის თავი არ აქვთ.
ასეთი განცხადებები აზიანებს ბიზნესგანწყობას, რადგან ბიზნესგანწყობა არის ემოციური განწყობა. მოვუწოდებ ყველას, ძალიან ფრთხილი განცხადებები აკეთონ, რათა არ დააზარალონ ისეთი მყიფე, რთული ბიზნესგარემო, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რადიკალური ზომების მიღებას გეგმავს.
– თუ ეს საკითხი სერიოზულად დადგება და საკითხი დგას ჩემს კომპანიაზე, ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფო, ინვესტირება გავაკეთეთ 50 მილიონი დოლარის, მთავრობის დადგენილების საფუძველზე დავუბრუნებთ უკან მთავრობას, დაგვიბრუნოს ჩვენი ფული. ეს არის ჩვენი პასუხი, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.
მას გონივრული ეჭვი აქვს, რომ ამ წამლის შესახებ კანონზე მუშაობა მავანმა მის საპასუხოდ დაიწყო. ამ ყველაფერს ის ბანკებთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას უკავშირებს.
რამდენიმე თვის წინ ოქრიაშვილმა ბანკებისთვის არაპროფილური ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.
– ერთმანეთს საეჭვოდ ისეთი გარემოებები ემთხვევა, როცა გამოვდივარ, ბანკებს ვაკრიტიკებ და უცებ გამოდიან და ამბობენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი უნდა დავშალოთ, დავყოთ და დავაქუცმაცოთ.
ეს რაღაც-რაღაცები ერთმანეთს ძალიან ხშირად ემთხვევა და არ მინდა ვიფიქრო, რომ მე რომ საბანკო სექტორს ვაკრიტიკებ, ამით არის გამოწვეული ის, რომ ჩემს ბიზნესს არტყამენ. უკვე ათჯერ მაინც მოხდა, როცა ბანკები გავაკრიტიკე და ეს დაემთხვა. ამიკრძალონ! ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგია, ჩემთვის უფრო წინ დგას და ამ სიტუაციაში ჩემი ბიზნესი ფეხებზე მკიდია, – განაცხადა დეპუტატმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კახა ოქრიაშვილი “ოცნებას” ღიად უშლის ნერვებს. მმართველმა გუნდმა ცოტა ხნის წინ გვამცნო, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარდება, რასაც მეოცნებე მაჟორიტარები სერიოზულად უპირისპირდებიან.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვა პროტესტი ოქრიაშვილმა. როგორც ამბობენ მასთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიებიც არსებობს. სავარაუდოდ, ამის გამო არ მისცეს მას პარლამენტში ფრაქციის შექმნის უფლება.

