“კალაძე შეიძლება “ოცნებიდან” წავიდეს”

"კალაძე შეიძლება "ოცნებიდან" წავიდეს"– რატომ აგვიანებს “ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას? – “ახალი თაობის” ამ კითხვაზე ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ნანა დევდარიანი აცხადებს:

– დაგვიანებული არ არის კანდიდატის დასახელება. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო. მეორეც, ამაზე საუბრები დიდი ხანია მიდის, რომ კალაძე ძალიან მონდომებულია, იყოს თბილისის მერი, მაგრამ არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც.

შიგნით ერთი ჯგუფის მოსაზრებაა, რომ კვლავაც ნარმანიას კანდიდატურა დააყენონ. კალაძე თავისი პოზიციების გასამყარებლად იბრძვის.

– კვლავაც ნარმანიას კანდიდატურის წამოყენება რამდენად მოუტანს წარმატებას “ოცნებას”?

მისი აზრით, “ოცნებაში” არიან დაჯგუფებები, რომლებსაც არ აწყობთ კალაძის გაძლიერება.

– თბილისი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. მთელი თავისი რესურსით, თავისი საბიუჯეტო შესაძლებლობებით. თავკომბალა გახდა თბილისი, კარგა ხანია ეს ასეა. თბილისის მერი პრეზიდენტის დონის ფიგურა ხდება. მით უმეტეს, ახლა, როდესაც პრეზიდენტი ფაქტობრივად უუფლებოა, მასზე უფრო დიდ პოლიტიკურ წონას და დატვირთვას იძენს.

დიდია უკმაყოფილება, გაღიზიანება, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა საზოგადოებაში. 2012 წლიდან მეოთხე არჩევნებს ატარებს “ოცნება” და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია. მე მინდა გაგახსენოთ მოქალაქეთა კავშირის პერიოდი, როდესაც მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო თავმოყრილი, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები წააგო ოპოზიციასთან, – აცხადებს ნან დევდარიანი.

მისი აზრით, “ოცნებამ” არჩევნებზე შეიძლება მეტისმეტად აკრძალული ილეთებიც კი გამოიყენოს.

– არც ის არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ საერთოდ შეატოვოს ოცნებას ეს არჩევნები და ბოიკოტი გამოაცხადოს. ეს იქნება ყველზე ცუდი სცენარი “ქართული ოცნებისთვის”. ასეთი ჯინიანობის და სიჯიუტის ფონზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ, ეს არის იმის დადასტურება და იმის ნათელი სახე, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერში ძალადობს.

საქართველოს პრაქტიკაში ასეა, ყველა ხელისუფლება, რაგინდ ძლიერი იყოს და რაგინდ კონცენტრირებული ჰქონდეს ძალაუფლება, ორი არჩევნების შემდეგ სრულიად დისკრედიტირებულია ხოლმე. ან სხვა სცენარი უნდა მოხდეს, რაც არაერთხელ გვინახავს, პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება და მმართველი ძალიდან ახალი დაჯგუფებების გამოყოფა, – აცხადებს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე.

მისი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ ივანიშვილმა “ოცნების” წიაღში ახალი ძალა შექმნას და მისი ლიდერი კალაძე გახდეს.

– კალაძეს აქვს პოლიტიკური ამბიციები. თუ მან ვერ მოიგო შიგნით, საკუთარ გუნდში, სრულიად არ არის გამორიცხული, გაემიჯნოს მათ და სწორედ ის იყოს “ოცნებიდან” გამოყოფილი ძალის ლიდერი, – აცხადებს ნანა დევდარიანი.