„კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაული ცოცხალია“

„კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაული ცოცხალია“საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში ტყვედ ჩავარდნილი მფრინავის, იოსებ ოსორაულის, შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას კვლავ ავრცელებს. ამჯერად მათ ეს ინფორმაცია იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე განუცხადეს. სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე, რომელსაც კონგოში მყოფ ქართველებთან აქვს კავშირი, “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ იოსებ ოსორაულის ბედს უკვე პოლიტიკა წყვეტს.

– ოსორაულის დაღუპვის შესახებ ცნობა სიცრუეა. თქვენ არ მოგისმენიათ ვიდეოს სრული ვერსიისთვის. ვიდეოს სრული ვერსია არ აჩვენეს, თორემ ოსორაული ამბობს, რომ მასში არ გადაიხდიან 1 მილიონს და ამიტომ ის ბედს შეგუებულია და მზად არის სიკვდილისთვის.

ოსორაულმა ძალიან კარგად იცის, რომ არ გადაიხდიან გამოსასყიდს. ის არის ადამიანი, რომელმაც გამოიარა ნაცმოძრაობის რეპრესია. ძალიან კარგად იცის, რომ დღეს ხელისუფლების ქვედა რგოლში (არამარტო ქვედა რგოლში) პორტირებული ნაცმოძრაობაა. ოსორაულმა ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მის მიმართ ინტერესი აქვთ, – აცხადებს დავიტ ნემსაძე.

მისი განცხადებით,  არ უნდათ, რომ ოსორაული ცოცხალი დაბრუნდეს, რადგან ეს ეხება ქართული ავიაციის ბედს.

– იოსებ ოსორაული იყო სამხედრო შვეულმფრენების ბაზის მეთაური. ყველაფერთან ერთად, ის არის უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი და მის მიმართ არის პოლიტიკური დაინტერესება – იოსებ ოსორაული საქართველოში ცოცხალი არ დაბრუნდეს. ამას ვისმენთ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშიც.

კითხვაზე, ვინ არ არის დაინტერესებული, რომ ოსორაული ცოცხალი დაბრუნდეს, ნემსაძე გვპასუხობს:

– ნაციონალური მოძრაობა და ის კატეგორია პოლიტიკოსებისა, ვინც დაინტერესებული იყო ქართული ავიაციის დაშლით.

დააკვირდით, ვინ არის ხელისუფლების ქვედა რგოლებში და ვინ იწვევს საბოტაჟს სახელმწიფოში. ეს არის ნაცმოძრაობის კადრები. გადაავლეთ თვალი კონგოში საქართველოს ელჩის ბიოგრაფიას, რამდენი ხანია, ამ თანამდებობაზეა და გადაავლეთ თვალი ოსორაულის ბიოგრაფიას. ნახავთ, რომ ბატონი დვალი 20 წელიწადია, კონგოშია ელჩად და მის უმწიკვლო ბიოგრაფიას არაფერი შეხებია. იოსებ ოსორაული კი, რომელიც არის პოლკოვნიკი და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ორჯერ დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. ვსვამ კითხვას, რატომ? ელჩი დვალი გამოწვეული და დათხოვილი უნდა იქნას საგარეო საქმეთა სამინისტროდან.