ლევან ბერძენიშვილი: “საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა წესების გარეშე მიდის”

ლევან ბერძენიშვილი: "საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა წესების გარეშე მიდის"– მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში, რაც ხდება უნივერსიტეტში, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ჟურნალისტთა კორპუსში – ჰოი საოცრებავ, თურმე იგივე ხდება საქართველოს საპატრიარქოშიც. როგორი ხალხიც ვართ, ზუსტად ისეთი ვითარება ყოფილა იქ. ადვოკატმა ქარჩავამ მთელ საქართველოს აუხსნა, რომ სიტყვა მოკვდინებაში ხანგრძლივი სიცოცხლე იგულისხმა. თუ ეს ადამიანი არის საპატრიარქოს ადვოკატი, წარმოიდგინეთ, რა რთული სიტუაცია ყოფილა, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“.

მისი აზრით სახელმწიფომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

– ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რამდენიმე შეცდომა გვაქვს დაშვებული: პირველი შეცდომაა, რომ ეკლესიას ვაფინანსებთ. ასევე შეცდომაა, რომ არ ვაღიარებთ თანასწორობას. ასევე შეცდომაა, ეპისკოპოსები 10 ცხენის ძალის მქონე ჯიპებით რომ დადიან, ალბათ მალე თავზე გადაგვივლიან. არადა, ქრისტე ქადაგებდა, სიმდიდრე ღატაკებს დაურიგეთო. თუმცა, ვიღაც ფიქრობს, რომ ასეც უნდა ხდებოდეს, სწორედ მისთვის არის შოკი ის, რაც ხდება, თორემ ჩემთვის არანაირი შოკი არ არის.

გაირკვა, რომ ჩვენს ეკლესიაში ისეა ყველაფერი, როგორც არის საზოგადოებაში. ვერ შველის მას პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი. ისეთი საუბრები დავიწყეთ, რომ ამ ავტორიტეტს ძალა აკლდება, ვკლავთ. ისე შეიძლება თურმე ეპისკოპოსს დააბრალო პატრიარქის მკვლელობა, ამის სურვილი, რომ შემდეგ განმარტო “მოკვდინებაში” სიკვდილი არ მიგულისხმიაო.

კანონში წერია, რომ არ შეიძლება ასეთი რამ დააბრალო ადამიანს. შეიძლება გალანძღო ადამიანი, მაგრამ “მოკვლას აპირებს” დანაშაულში მხილება არის. ამის მერე ის დაიკითხა, როგორც ჩანს, ვერაფერი დაამტკიცა და მორჩა, არაფერი. ალბათ პროკურატურამ ყოჩაღ! – უთხრა. არ გვეყოფა ის, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, რასაც ერთმანეთზე ვამბობთ, ახლა ის გვაკლდა, რომ სამღვდელოების ნაწილმა გვითხრას, მე უფრო დიდი მართლმადიდებელი ვარ და ის ნაკლებად!

ცუდია, რასაც ვისმენთ; ცუდია, რომ თურმე მაღალი იერარქები ბიზნესის კეთებით ყოფილან დაკავებულნი; ცუდია, რომ პოლიტიკიდან ფარული ჩანაწერებით შანტაჟი ახლა აქ გადმოვიდა. ახლა მხოლოდ ის გვაკლია, რომ ანაფორა და ფარული ჩანაწერი ერთად ვიხილოთ, ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა, მაგრამ არის დრო საზოგადოების გამოფხიზლების, – აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბრძოლა მიდის საპატრიარქო ტახტისთვის.

– ეს ბრძოლა ყოველთვის იყო. თქვენ ფიქრობთ, ილია მეორემ არ იბრძოლა თავის დროზე? სხვა იყო დანიშნული, მაგრამ შევარდნაძემ თქვა, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, სწორად დავნიშნეთო. თუ შევარდნაძეს ოდესმე სიმართლე უთქვამს, ამ შემთხვევაში თქვა, მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო პატრიარქად ილია მეორის შერჩევა.

ბრძოლა ყოველთვის იყო, მაგრამ არსებობს წესები და ეს წესები უნდა დაიცვან. ეს წესები დაწერილი არ არის, მაგრამ წესები არსებობს.

სამღვდელოების ლექსიკაც კი უკვე ძალიან დაემსგავსა 90-იანი წლების დასაწყისის მხედრიონის ლექსიკას, ინტონაციას.

ერთი ეპისკოპოსის საუბარი მახსენდება, რომელმაც თქვა, დიახ, მე ჯიპით უნდა ვიარო, ნივით ვერ ვივლი, რადგან ნივა ხშირად გაფუჭდება და პროფილაქტიკაში მომიწევს ხალხის სულის ხსნის მაგივრად დგომაო. რამდენად არის ეს სამღვდელო პირის საუბარი?! ჯერ კიდევ გოეთემ თქვა: ეპისკოპოსი, რომელიც 6 ცხენით შებმული ეტლით დადის, 6 ცხენით შეგრიალდება ჯოჯოხეთში, – განუცხადა „ახალ თაობას“  ლევან ბერძენიშვილმა.