ლევან ხაბეიშვილი: „კობახიძეს შეუძლია ბავშვივით გაიბუტოს და კუთხეში დადგეს“

ლევან ხაბეიშვილი: „კობახიძეს შეუძლია ბავშვივით გაიბუტოს და კუთხეში დადგეს“– “ოცნებაში” ძალიან ეშინიათ არჩევნების. ამიტომაც გაუუქმეს 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები მერის არჩევა მოხდება. პრეზიდენტსაც თავად დაგვინიშნავენ. დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარულ სისტემასაც არ შეელევიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებენ 48%-ით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლევან ხაბეიშვილი.

მისი აზრით, პროპორციულ სისტემაზე თუ გადავალთ, მაშინ ოპოზიციისთვის შედარებით უკეთესად გადანაწილდება ხმები.

– მაჟორიტარული ოლქების არგაუქმება გაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც 35%-იანი მხარდაჭერით იყო საკონსტიტუციო უმრავლესობაში.

ეს სისტემა თავის დროზე მაჭავარიანმა და გოგორიშვილმა მოიფიქრეს. ამ მემკვიდრეობას ისინი ვერ ელევიან. არაა გამორიცხული, რომ 2020 წელსაც არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდეს, – აცხადებს ხაბეიშვილი.

“ოცნებამ” საჯაროდ დადო პირობა, რომ 2020 წლისთვის მაჟორიტარული არჩევნები აღარ იქნებოდა. “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერს არ სჯერა ხელისუფლების დადებული პირობის.

– მაგათთვის რომ დაგვეჯერებინა, 2016 წლისთვის უკვე გაუქმებული უნდა ყოფილიყო ეს სისტემა, მაგრამ 2020 წლისთვისაც ვერ ელევიან. მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იმის ფუფუნებაა, რომ მინიმალური მხარდაჭერით მიიღოს მაქსიმალური მანდატები.

ხაბეიშვილის შეფასებით, კობახიზის განცხადებები სასაცილოა.

– კობახიძეს შეუძლია ბავშვივით გაიბუტოს და კუთხეში დადგეს. ვის რაში აინტერესებს, იქნება თუ არა ეგ პარლამენტის თავმჯდომარე. აქ მთავარია ივანიშვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ მაჟორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.

ეს ყველაფერი არის სპექტაკლი. თამაშობენ დემოკრატიულობას, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე ისეა მოწადინებული პროპორციული სისტემის შემოღებით, რომ მზადაა, გადადგეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდ ვაჭრობას გამართავს.