მანანა თოდაძე: “ბევრმა მამაკაცმა ჩემამდე მოახლოებაც ვერ გაბედა”

მანანა თოდაძე: "ბევრმა მამაკაცმა ჩემამდე მოახლოებაც ვერ გაბედა"მომღერალმა მანანა თოდაძემ თავის შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებზე ჟურნალ “სარკეს” გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქში.
მანანა თოდაძე:
– მოსკოვში 1998 წელს გავემგზავრე. ეს ჩემთვის აუცილებელი იყო. საქართველოში გაუსაძლისი მდგომარეობა დავტოვე, ხელოვნება არავის უნდოდა. ვნანობ, მოსკოვში უფრო ადრე რომ არ წავედი. ასე რომ ყოფილიყო, მეტს მივაღწევდი. მოსკოვში შემოქმედებითი ცხოვრება ნულიდან დავიწყე.
– ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ სამშობლოდან შორს?
– ძალიან რთული იყო ჩემთვის რესტორანში სიმღერა, რადგან მთელი ცხოვრება 3-3 სპექტაკლს ვთამაშობდი გადავსებულ დარბაზებში. ასეთი დიდების შემდეგ უცებ რესტორანში დავიწყე სიმღერა. ქართველები რომ შემოდიოდნენ, წუხდნენ, ამხელა მომღერალი რესტორანში როგორ მღერიო. ამ დროს ჩემი გასაჭირი მქონდა და კიდევ მეტად მტკენდნენ გულს.
ერთმა ქართველმა ნიშნისმოგებით დამიწყო ლაპარაკი. მივუბრუნდი და ვკითხე, ქალბატონო, მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ამ რესტორანში იმიტომ მოდიხართ, რომ დაბალი დონე ხართ-მეთქი. როგორ გეკადრებათო, შეიცხადა. აბა, თუ მაღალი დონე ხართ, რესტრანში, სადაც შემობრძანდით, მაღალი დონის მომღერალი არ უნდა მღეროდეს-მეთქი, კითხვა შევუბრუნე. იქვე დავამატე, სხვებივით მთელი დღე ყავასა და სიგარეტზე კი არ ვარ, ვშრომობ და ძალიან გთხოვთ, ჩემს შრომას პატივი ეცით, თუ არ მოგწონთ აქაურობა, მეორედ აღარ მობრძანდეთ-მეთქი. გაფითრდა ქალი. “ვაიმე, რა მომღერალი მღერის რესტორანში!” – ამ ფრაზებით შეწუხებული ვიყავი.
– მაინცდამაინც რუსეთი რატომ აირჩიეთ?
– ლოს ანჯელესიდან მოწვევა მქონდა, წასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ჩემი საბავშვო თეატრის, “პრესტიჟის”, ბავშვებმა რომ გაიგეს, არ იცით, რა დაემართათ! მეხვეწებოდნენ, არ დაგვტოვოთ, დავიღუპებითო. ისე განვიცადე, კონტრაქტი დავხიე. იმ პერიოდში ისრაელთანაც მქონდა კონტრაქტი, მაგრამ ბავშვებს ვერ ვუღალატე. სანთლის შუქზე ვდგამდით სპექტაკლებს და გასტროლებზე დავდიოდით.
– დატვირთული საკონცერტო ცხოვრება, მერე კრიზისი, მერე მოსკოვში მუშაობა… ამ ყველაფრის მიუხედავად, შვილებისთვის ყურადღება არ მოგიკლიათ. ამას როგორ ახერხებდით?
– მერე რა, რომ მომღერალი ხარ? ვალდებულება გაქვს, რომ შვილს არაფერი მოაკლო. ორი ქალიშვილი მყავს – ლეილა თოდაძე და თამუნა შხიანი. ისინი კულისებში გავზარდე, გასტროლებზეც დამყავდა. მათ ხან თემურ წიკლაური აიყვანდა კულისებში, ხან ვახო ტატიშვილი. სცენაზე რომ ვიდექი, რომელ მომღერალსაც ეცალა, ის იბარებდა ჩემს შვილებს. დღე ისე არ გავიდოდა, მათთვის სადილი არ მომემზადებინა. ჩემი ქალიშვილები დიდ სიყვარულში გავზარდე.
ლეილა მოსკოვში ცხოვრობს. სამი შვილი ჰყავს. არაჩვეულებრივი დედაა, ისევე როგორც თამუნა, რომელსაც ორი გოგონა ჰყავს.
– ისევ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებით. რა მეთოდებს იყენებთ თავის მოვლისთვის?
– თვალს გავახელ თუ არა, პომადას ვისვამ. შეიძლება გარეთ სულ არ გავიდეს ქალი, მაგრამ მოწესრიგებული უნდა იყოს. თუ ფორმაში არ ვარ, მაღაზიაში პურზეც არ ჩავალ. პირველ რიგში, ეს საკუთარი თავის პატივისცემაა.
სახეზე ყოველთვის ხარისხიან მკვებავს ვისვამ, ყოველდღე სხვადასხვა ტანსაცმელს ვიცვამ. სიგარეტი არასდროს მომიწევია, რასაც გარეგნობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კანი ჩვილი ბავშვივით მაქვს. ეს ალბათ გენეტიკის დამსახურებაც არის და ცხოვრების ჯანსაღი წესისაც. ხათრითაც კი არ შევჭამ იმას, რაც არ მინდა.
– ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაშიც ეს გეხმარებათ?
– არამხოლოდ. არც სახლის საქმე მეზარება და ვცდილობ, ფეხითაც ბევრი ვიარო. შემიძლია მთელი ვაკე ფეხით შემოვიარო.
თბილისში საკუთარი კაფე გავხსენი და ბიზნესსაც დიდ დროს ვუთმობ. ერთი დღით მიმტანადაც ვიმუშავე. ოფიციანტს სიცხე ჰქონდა, არადა უამრავი ხალხი გვესტუმრა. ჩავედი სამზარეულოში, კერძები მოვამზადე და ხალხს მოვემსახურე. მეორე დღეს უამრავი ადამიანი მომადგა. შრომის არ მრცხვენია.
– თაყვანისმცემელ მამაკაცებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ამას წინათ მეგობრებმა მითხრეს, იმდენს უყვარდი და ყველასთვის მიუწვდომელი დარჩიო. ბევრმა ჩემამდე მოახლოებაც ვერ გაბედა. ურთიერთობაში მეგობრული, მაგრამ ცოტა მკაცრიც ვარ. თუ ვხედავ, რომ მეგობრობა სხვა ფაზაში გადადის, მაშინვე კედელს აღვმართავ და ახლოს აღარავის ვიკარებ. მეგობრობას სხვა ურთიერთობაში არასდროს ავურევ.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”