“ზედმეტად მგრძნობიარე და გულჩვილი ბავშვი ვიყავი. მშობლებმა ჩემი ხასიათი კარგად იცოდნენ და დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ გამეხუმრნენ – მთელი ბავშვობა ეჭვებში გავატარე”, – ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა გოგონამ.
– ასეთი რა მოხდა?
– ერთხელ სოფელში მივდიოდით მანქანით, გზად სათამაშო მომეწონა, მამამ გაჩერება ვერ მოასწრო და გავცდით. ამის გამო ტირილი დავიწყე, ბევრს ეცადა დედა ჩემს დაწყნარებას და ყურადღების სხვა თემაზე გადატანას, მაგრამ რომ ვერაფერი შეძლო, უცნაური ტყუილი მოიფიქრა. მითხრა: იცი, ჩვენ შენი მშობლები არ ვართ, შენ აყვანილი შვილი ხარო. როგორც კი ეს სიტყვები გავიგე, ტირილი შევწყვიტე და კითხვების დასმა დავუწყე. დავინტერესდი, რატომ ამიყვანეს, უშვილობის პრობლემა მათ არ ჰქონიათ, რადგან მე უფროსი ძმაც მყავდა. მიაპასუხეს, რომ თითქოს დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაჰყვა, უპატრონოდ დარჩენილი კი შემიცოდეს და გამზარდეს. თან გოგო არ გვყავდა და ამიტომ უფრო გადავწყვიტეთო. მათ ეგონათ, რომ ეს ხუმრობა უბრალოდ ჩაივლიდა და ჩემში ნაკვალევს არ დატოვებდა. როცა შემხედეს, რომ სახე შემეცვალა, მამამ თხრობა სიცილით გააგრძელა. მითხრა, რომ ის ჩემი ნამდვილი მამა იყო, დედა კი გარდაცვლილი მყავდა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში მამაში ეჭვი არც შემპარვია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილად მამაჩემი იყო.
– დედაზე რაც გითხრეს, სიმართლედ მიიღეთ?
– რა თქმა უნდა, ეს ფაქტი იმ წუთას არ დავიჯერე, მათ ნათქვამში ეჭვი შემეპარა, მაგრამ დროთა განმავლობაში გონებაში გამიჯდა და დაკვირვებები დავიწყე. მეგონა, რომ ჩემს ყველა მეგობარს დედა დაღუპული უნდა ჰყოლოდა.
ერთხელ გაკვეთილების შემდეგ ჩემს თანაკლასელ თეონას გავყევი სახლში. დედამისს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და საწოლიდან ვერ დგებოდა. საწოლთან თეონას და მისი ძმის დიტოს სურათები ედო. დავინტერესდი და დავათვალიერე. სურათი სამშობიარო სახლთან იყო გადაღებული. თინა დეიდას ერთ ხელში ახალშობილი თეონა და მეორეში კი ყვავილების თაიგული ეჭირა. თეონას დედამ მითხრა, თეონა რომ გავაჩინე და სამშობიაროდან გამომწერეს, ეს სურათი იმ დღეს გადავიღეო. მივხვდი, რომ თინა დეიდა თეონას ნამდვილი, ბიოლოგიური დედა იყო. სასწრაფოდ სახლში გამოვიქეცი. სანამ დედა სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ფოტოალბომში ჩემი პატარაობისდროინდელი სურათების ძებნა დავიწყე. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. როგორც მერე გავიგე, ჩემი ბავშვობის სურათები სხვა უჯრაში ჰქონიათ შენახული და იმ დროს მხოლოდ ჩემი ძმის ვნახე. ამან ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა ჩემში. სახლში ჩავიკეტე და ჩემს ტკივილს ვერავის ვუმხელდი.
– რატომ არ გაუმხილეთ მშობლებს, ამდენს რომ ნერვიულობდით, ხომ აგიხსნიდნენ, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო?
– ვეღარ ვუხსნიდი გულს. მათ მიმართ უნდობლობა დამეუფლა. მეგონა, 7 წელი აყვანილს მზრდიდნენ და მატყუებდნენ, რომ მათი შვილი ვიყავი.
– ფიზიკურად დედას არ ჰგავდით? ამით მაინც დაკვირვებოდით თქვენს თავს, იქნებ მსგავსება გეპოვათ და ეჭვიც გაგქრობოდათ?
– სახის ნაკვთებით დედას ძალიან ვგავდი. თუ ვინმე მისი მხრიდან პირველად მნახავდა, მაშინვე ამჩნევდა და აღნიშნავდა ხოლმე ამ მსგავსებას. ამას უცხო თვალიც მიხვდებოდა, მაგრამ იმ პერიოდში ამ მოულოდნელობისგან იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ ფიზიკურ მსგავსებას არც ვაკვირდებოდი.
– ასე სერიოზულად რატომ მიიღეთ, რატომ შეგეპარათ ეჭვი? განა დედა თქვენ მიმართ საკმარის სითბოს არ ამჟღავნებდა, რომ დედაშვილურ კავშირში ეჭვი შეგპარვოდათ?
– ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი და ამიტომ. ძნელია იმის ახსნა, იმ დროს რას განვიცდიდი. ამ ეჭვის ხმამაღლა თქმა კი მრცხვენოდა. დედა საკმაოდ თბილი და ყურადღებიანი იყო შვილების მიმართ, ამავდროულად, მკაცრიც. თუმცა მანამდე ამ სიმკაცრეს ვერ ვამჩნევდი და მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ დავიწყე მასზე დაკვირვება. მერე უკვე მეჩვენებოდა, რომ ჩემს ძმაზე მეტად მე მსჯიდა, მეგონა, რომ უფროს შვილზე მეტად ზრუნავდა, მას უფრო უფრთხილდებოდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ჩემი ეჭვები იყო.
– როდის გაგიქარწყლდათ ეს ეჭვი?
– ორი წელი ვერავის ვუმხელდი, ვერც ნათესავს და ვერც მეგობარს. მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ეს თემა სამუდამოდ დამეხურა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი, დროდადრო მაინც მახსენდებოდა. დედას ხმა მუდმივად ჩამესმოდა ყურში: შენ აყვანილი ხარ, ჩვენი შვილი არ ხარო. ამ ხმას ქვეცნობიერი ვერ ივიწყებდა. ერთხელ თითქოს ვულკანმა ამოხეთქა ჩემში, ქვითინი წამსკდა. მშობლები ვერ მიხვდნენ, ასე მოულოდნელად რა დამემართა. თავი ვერ შევიკავე და მამას კატეგორიულად მოვთხოვე, ჩემთვის დედას საფლავი ეჩვენებინა და აღებული ხელფასით მის საფლავზე ქვა დაედო. ქვის წარწერა კი მოფიქრებული მქონდა: ,,ერთადერთი შვილისგან ჩემს საყვარელ დედიკოს დიდი სიყვარულით”. ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს, მაშინ მივხვდი, რომ დავიწყებულიც ჰქონდათ ის ხუმრობა, რამაც ორი წელი მე ასე დამანგრია. გადამეხვივნენ, გულში ჩამიკრეს და მითხრეს, რომ ის უბრალო ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. დამარწმუნეს, რომ დედის გაჩენილი ვიყავი და სამშობიაროსთან გადაღებული სურათებიც დამათვალიერებინეს.
– მას შემდეგ ეჭვი ბოლომდე გაგიქრათ?
– იმ წუთებშივე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მათი ბიოლოგიური შვილი ვიყავი და მას შემდეგ ამაში ეჭვი აღარ შემპარვია. თუმცა, რაც გავიზარდე, დედასთან მიჭირს ურთიერთობის დამყარება. თითქოს ერთმანეთს ვეღარც კი ვუგებთ. ისე ახლოს აღარ ვარ მასთან, როგორც ადრე. ვეღარ ვმეგობრობ, საიდუმლოს ვერ ვუმხელ და თითქოს ბოლომდე ვერ ვენდობი.
– ანუ დედას ტყუილი ვერ აპატიეთ?
– მე რა უფლება მაქვს არ ვაპატიო, როცა თავად უფალი გვპატიობს ამდენ ცოდვას, მით უმეტეს, როცა დედას ეხება. მას ყოველთვის შევუნდობ. უბრალოდ, ჩემი ბავშვური გონების ქვეცნობიერში დაილექა ეს ინფორმაცია და ალბათ ამის შედეგია ჩემი და დედას გაცივებული ურთიერთობა.
– დედა თუ გრძნობს თქვენ შორის არსებულ ბარიერს?
– არ ვიცი. მე ხშირად მითქვამს მისთვის, რომ ზედმეტად ცივია ჩემ მიმართ. ის კი მაშინვე მატერიალურს უკავშირებს. ფიქრობს, რომ მე უმადური შვილი ვარ და მისგან ფულად დახმარებას ვერ ვხედავ. მაგრამ ჩემთვის ფული არ არის მთავარი. გაცილებით მეტს მომცემს დედისგან სულიერი თანადგომა და ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, ვიდრე ფული. ბევრის დათმენა მიწევს. ოჯახის წევრებისა და უცხო რძლის წინაშე, დედისგან სიტყვით გამათრახებასაც ვიტან და ვეგუები, მაგრამ გული ხომ მტკივა, რომ ასეთი მოქცევით უფრო ამძიმებს ჩვენს ურთიერთობას.
– არ ეუბნებით, რომ მისი ასეთი მიდგომა თქვენთვის დამთრგუნველია, ძალიან გწყინთ და უმჯობესი იქნება მეთოდი შეცვალოს?
– ბოლო დროს დავიღალე ამის გამეორებით. კონფლიქტს ვერიდები და აღარაფერს ვეუბნები. ხუმრობით თუ მივანიშნებ ხოლმე, რომ არ გაბრაზდეს. როცა სერიოზულად ვურჩევდი, ჩემ მიმართ მეტი სითბო გამოეჩინა, ესეც აღიზიანებდა და გამირბოდა. ახსნასაც არ მაცდიდა და საყვედურს უმადურობაში მითვლიდა. ადრე მასთან ჩახუტება ხშირად მინდოდა, მაგრამ შეხებისას ვგრძნობდი, რომ ესეც ეხამუშებოდა და თავიდან მიცილებდა, არადა დედის სითბო მინდოდა შემეგრძნო, მაგრამ ამის გამო კონფლიქტს ხომ არ წარმოვქმნიდი.