ხელისუფლება გამუდმებით ქამრების შემოჭერაზე ღაღადებს და ამ ფონზე არანაირ კომფორტზე უარს არ ამბობს. ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლამდე ნაციონალებმა ავტომანქანების პარკი საფუძვლიანად განაახლეს. მართალია, მანქანები სულ სისინ-სისინით დადიოდნენ, მაგრამ მეოცნებეებმა სისხლიანი 9 წლის მსახურების მიერ ნახმარ ავტოებში ჩაჯდომა არ ისურვეს.
იქიდან მოყოლებული, “ოცნება” დაუღალავად ცდილობს ავტომანქანების პარკის განახლებას. მათ ამ საქმისთვის ფული რომ არ ენანებათ, ამაზე “ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევაც მეტყველებს.
როგორც კვლევიდან ირკვევა, 9 სამინისტროს ბალანსზე (კულტურის, დევნილთა, შერიგების, რეგიონული განვითარების, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის აპარატისა და ენერგეტიკის სამინისტრო) 69.624.810 ლარის ღირებულების ავტომობილია.
როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა დედაქალაქის მერია. დავით ნარმანიას უწყების ბალანსზე (საქალაქო სამსახურები, მერიის ადმინისტრაცია და გამგეობები) 6.657.600 ლარის ავტომობილია.
გარემოს დაცვის სსიპ-ები, რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სსიპ-ები, პლუს სოციალური სააგენტო და ცესკო 15.968.768 ლარად შეფასებული ავტოპარკით იწონებენ თავს.
როგორც ანტიკორუფციულ ბიუროში “ახალ თაობას” განუცხადეს, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობენ.
– ამ მანქანების ღირებულება 40.000 ლარიდან 130.000 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ძვირადღირებული ავტომობილების მოვლა-შენახვა (ანუ მათი დაზიანების შემთხვევაში შეკეთება, ზეთი, ხუნდები და ა.შ. ) ასევე ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, ამას დამატებული საწვავის ხარჯით მომსახურება და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ გაფლანგულ მილიონებსა და გაქსუებულ ჩინოვნიკებს, – აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში.
ბიუროს წევრებმა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ხუთეულიც გამოავლინეს.
როგორც ბიუროს წევრი მარიამ ქელბაქიანი ამბობს, მანქანის ამ ნომინაციაში პირველი ადგილი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დაიკავა. მას 128.862-ლარიანი “ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200” ემსახურება.
მეორე ადგილს სოციალური სააგენტოს დირექტორი 94.183-ლარიანი “აუდი ა-6”-ით იკავებს.
მესამე ადგილზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 84.000-ლარიანი “ტოიოტა ლენდკრუზერი 200” გავიდა.
გარემო”სა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს 71.498.33 ლარად შეფასებული “ტოიოტა ლენდ კრუიზერ Lჩ 200” ჰყავს და მეოთხე ადგილს იკავებს,
მეხუთე ადგილზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის 74.592- ლარიანი “ტოიოტა ლენდკრუიზერი” გავიდა.
“ახალი საქართველოს” წევრები ხელისუფლებას ავტოპარკის შემცირებისკენ მოუწოდებენ.
– მნიშვნელოვანია გადაიხედოს სახელმწიფო დაწესებულებების ავტოპარკი და მოხდეს რეალურად დათვლა იმ საჭიროებებისა, რომლებიც ამა თუ იმ სამინისტროს აქვს. გონივრულობისა და რაციონალურობის შემთხვევაში, მინიმუმ 3-ჯერ არის შესამცირებელი მათი ავტოპარკი და ის ხარჯი, რომელიც უკავშირდება მათ საწვავსა და მოვლას, – აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კულტურის სამინისტროს 13 მანქანა ემსახურება, რომლის ღირებულებაც მთლიანობაში 415.360 ლარს შეადგენს.
დევნილთა სამინისტროს ავტოპარკი 937.200 ლარად არის შეფასებული და ის
36 მანქანით იწონებს თავს. შერიგების სამინისტროს 9 მანქანა ჰყავს, რომლის საერთო ღირებულება 206.400 ლარია. ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე 607.200 ლარად შეფასებული 14 მანქანაა. ცესკოს 376.800 ლარად შეფასებული 16 ავტო ემსახურება.
თბილისის მერიის ბალანსზე 287 მანქანაა. მათი საერთო ღირებულება 6.657.600 ლარია. განათლების სამინისტროს 27 მანქანა ემსახურება. მათი ღირებულება 602.400 ლარია.

