ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბალერინა, ნათია რთველიაშვილი, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ გაიცნო ტელეპროექტიდან “შენ შეგიძლია ცეკვა” – ჟიურის წევრი გახლდათ და მისი ქმარი, პატრიკ მანგანი, 12 აპრილს გოგონას მშობლები გახდნენ. ამ სიხარულს ის ჟურნალ “სარკის” მკითხველს უზიარებს.
– მშობიარობას თქვენი მეუღლეც ხომ არ დასწრებია?
– დიახ და არამხოლოდ პატრიკი, დედაჩემიც დაესწრო. ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას. ამერიკაში წარმოუდგენელია, მამა ბავშვის დაბადების მონაწილე არ იყოს.
ადრე ამის მნიშვნელობა მეც არ მესმოდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ არ შეიძლება, მამა ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას, საკუთარი შვილის დაბადებას, გამოაკლდეს. ეს ხომ ღრმა ემოციებით დატვირთული და საოცარი მომენტია, რომელიც მშობლებმა ერთად უნდა განიცადონ.
– როგორი ემოციებით შეხვდით პირველ შვილს?
– ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, თითქოს ამ დროს სხვა განზომილებაში ხარ, ამავე დროს შოკის მდგომარეობაშიც, თითქოს არც გჯერა, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება.
არასოდეს დამავიწყდება პატრიკის ცრემლიანი თვალები, მისი სიხარული და ემოციები, როცა ჩვენი პატარა ამქვეყანას მოევლინა. როგორც კი ბავშვის ტირილი მოესმა, თვითონაც სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.
როგორც კი ჩემი პატარა დაიბადა, მაშინვე გულზე დამიწვინეს. როცა ვიგრძენი ჩემს გულში ჩაკრული პატარა ანგელოზის სითბო, მის სათუთ კანს შევეხე და მის თვალებში პირველად ჩავიხედე, მაშინ შეიცვალა ჩემთვის სამყარო და დამეუფლა ის გრძნობა, რომელშიც ყველაფერი ერთად იყო გაერთიანებული – სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, პასუხისმგებლობა, სიფრთხილე, აღფრთოვანება…
– ბავშვს რა დაარქვით?
– ჰელენი, ანუ ქართულად ელენე. ამ სახელის შერჩევას თავისი ისტორია ახლავს. როცა პატრიკის მშობლებს შევატყობინეთ, რომ ბავშვს ველოდებოდით, პატრიკის დედამ გვიამბო, რომ მას რამდენიმე დღით ადრე დაესიზმრა ჩვილი გოგონა, რომელსაც ერქვა მისი ბებიის სახელი – ჰელენი. მაშინ ჩვენ ბავშვის სქესი არ ვიცოდით და ამ სახელზე მაინცდამაინც ყურადღება დიდად არ გაგვიმახვილებია.
მოგვიანებით, როცა გავიგეთ, რომ გოგონა გვეყოლებოდა, სახელების შერჩევა დავიწყეთ. ეს კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ისეთ სახელს ვეძებდით, რომელსაც ორივე ენაზე, ინგლისურადაც და ქართულადაც, კარგი ჟღერადობა ექნებოდა.
პატრიკის დედის სიზმარი სულ თავში მიტრიალებდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემს დიდ ბებიასაც ელენე ერქვა. როცა ეს ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირეთ, ამ სახელმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა ჩვენთვის და მასზე გავაკეთეთ არჩევანი.
– როგორი მამაა პატრიკი, გეხმარებათ ჩვილის მოვლაში?
– არაჩვეულებრივი მამაა, სულ გვერდში მიდგას, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, საოცარ სიყვარულსა და ზრუნვას იჩენს ელენეს მიმართ.
პატრიკი ბუნებით ძალიან მზრუნველი ადამიანია, ახლა კი, მე მგონი, ეს გრძნობა გაუათმაგდა. ორივეს ძალიან გვანებივრებს, ცივ ნიავს არ გვაკარებს. ის ჩემი სუპერმენია. საქართველოდან სპეციალურად ელენესთვის დედაჩემიც ჩამოვიდა. ასე რომ, პატარას ყველანი თავს დავტრიალებთ.
– რამდენი კილო მოიმატეთ ორსულობისას და ახლა რამდენის დაკლება გჭირდებათ?
– 15 კილო მოვიმატე. მშობიარობიდან 2 კვირის განმავლობაში უკვე 11 კილო დავიკელი. იმედია, დანარჩენ 4-5 კილოგრამს მალე დავიკლებ.
– როდის დაუბრუნდებით სცენას?
– ძალიან მალე. როცა ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე, მზად ვიყავი იმისთვის, რომ სცენა და კარიერა კარგა ხნით მეორე ეტაპზე გადავიდოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მოვლენები სხვანაირად განვითარდა. უკვე მაქვს შემოთავაზება “რივერდანსის” კომპანიიდან – ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საზაფხულო სეზონზე კონტრაქტით ვიქნები.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”

