ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა. მელიამ პარლამენტი დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.
– შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ვიცით, რომ ამ ტაძრის ისტორიული ადგილიდან იწყება ის გამარჯვება, რომელიც ჩვენს სამშობლოს და სახელმწიფოს ასე სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
ჩვენ მტრობით და შურისძიების გრძნობით და სურვილით არ შევდივართ ამ კამპანიაში. სხვისმა შურმა და ღვარძლმა დაგვანახა ჩვენი შეცდომები, სარკეში ჩაგვახედა და გვასწავლა ის, როგორ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა შევიდეთ ბრძოლაში მომავალში და ისიც კარგად გაგვითავისა, რომ დღეს კონფლიქტების რკალით გარშემორტყმულ საქართველოს თავისი მოქალაქეების, თავისი შვილების ერთად დგომა და ერთად მუშაობა სჭირდება ყველაზე მეტად, – განაცხადა წარდგენისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ბევრი აქვთ წარსულში საამაყო, მაგრამ მათი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.

