ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტიდან მიდის. ამ გადაწყვეტილების შესახებ მელიამ ჟურნალისტებს თავად აცნობა. დეპუტატი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში პარლამენტში მუშაობა უინტერესოა.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი თბილისის საკრებულო იქნება. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას.
– მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ხაზი გადის იმ ქალაქში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს, თბილისის საკრებულო იქნება ის ადგილი, სადაც პოლიტიკური პერიპეტიები გადაინაცვლებს და არა ის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არაფრისმომცემი და უინტერესოა, დეპუტატები მხოლოდ სიარულისთვის დადიან, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ვერავინ ვერაფერს აკეთებს, – განაცხადა ნიკა მელიამ.
რამდენიმე თვის წინ ნაციონალური მოძრაობა მისი კანდიდატურის დასახელებას თბილისის მერის პოსტზე აპირებდა. მელიამ მერის პოსტზე ერთხელ უკვე იყარა კენჭი. 2014 წელს ის დავით ნარმანიას მთავარი კონკურენტი იყო. მოქმედმა მერმა ის მეორე ტურში დაამარცხა.
ნაციონალურ მოძრაობაში არ აკონკრეტებენ, თუ რატომ შეიცვალა მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თავიდან მხოლოდ მისი კანდიდატურა განიხილებოდა. მერე თქვეს, რომ ამ საკითხზე პლებისციტი ჩატარდებოდა, სადაც მელიას და გრიგოლ ვაშაძეს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ყველაფერი კი სულ სხვანაირად დასრულდა – რამდენიმე კვირის წინ გადაწყდა რომ მათი მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნებოდა.
პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით, მელიამ პარლამენტიდან წასვლა ნიკა რურუას გამო გადაწყვიტა.
– დღეს ნაციონალური მოძრაობის მეფე არის ნიკა რურუა. მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ბევრი რამე შეიცვალა. მან საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. ნიკა მელიას საპარლამენტო ფლანგზე ევალებოდა პოლიტიკური ამინდის შექმნა. თავიდან ის ძალიან აქტიური იყო, მაგრამ შემდეგ ვეღარ გაქაჩა.
მის მიერ ნაჩვენები შედეგით რურუა უკმაყოფილო დარჩა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან აიძულა მელია, დაეტოვებინა პარლამენტი, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში სადღობელაშვილი.
ამ ინფორმაციას ნაციონალები არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ ეს აბსურდია. თუმცა კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ ნიკა რურუას მისვლის შემდეგ პარტია გამოცოცხლდა.
რაღაც დროის მანძილზე ნიკა რურუა და მისი თანამოაზრეები ყოფილი ხელისუფლებისგან გამიჯნულები იყვნენ.
ნიკა რურუამ გრიგოლ ვაშაძესთან და მამუკა გამყრელიძესთან ერთად “ივერია” შექმნა. შარშან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანდებოდნენ,.
ახლა “ივერიელები” ისევ ნაციონალებში არიან და პარტიის ლიდერობასაც უძღვებიან.

