ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ჩუბინიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კობაიძის დანიშვნა ოფიციალურად დღეს მოხდება.
– წარდგენილია ეს ადამიანი, უკვე მუშაობს, დღეს უბრალოდ ოფიციალურად დაინიშნება. კონსულტაციები გავიარეთ, შევთანხმდით ყველა მხარესთან, მათ შორის უწმინდესთან. პატრიარქის პოზიცია იყო – თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ჩემთვის მისაღებიაო, – განაცხადა ჩუბინიძემ.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმით, რომ ვანო კობაიძე საპატრიარქოს ნდობით აღჭურვილის პირია.
– მოვიკითხეთ და გვითხრეს, რომ ის არის ნამდვილად სასიამოვნო და მისაღები კაცი თავისი წინა ისტორიით. რა თქმა უნდა, ის არის ნდობით აღჭურვილი პირი, – აღნიშნა ჩუბინიძემ.
პატრიარქის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან 30 მაისს გათავისუფლდა. მანამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელბდა.
„ინტერპრესნიუსმა“ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ვანო კობაიძის კანდიდატურა განიხილებოდა.

