ფარცხალაძის გუნდი ხელისუფლებიდან მიდის

ფარცხალაძის გუნდი ხელისუფლებიდან მიდისლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის 22 მაისს დაწყებული შერკინება იმაზე უფრო ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე ეს ვინმეს ეგონა.

ფარცხალაძესთან ერთად თორდია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ჩოხელსაც ეკვეთა.

რამდენიმე დღის წინ ჩოხელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, გუშინ, 4 ივნისს კი თანამდებობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა დატოვა.

ჩოხელი, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამდებობიდან იმიტომ გადადგა, რომ ფინანსთა სამინისტროს ჩრდილი არ მისდგომოდა.

გიორგი ბადაშვილი თავის გადადგომის მიზეზებზე, სავარაუდოდ, დღეს, 5 ივნისს, ისაუბრებს.

საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბადაშვილი სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს, თუმცა არ კონკრეტდება, რა გახდა საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი და სად განაგრძობს ის მუშაობას.

ჩოხელიც და ბადაშვილიც ფარცხალაძის გუნდს წარმოადგენენ. ბადაშვილი ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ გახდა მთავარი პროკურორი. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ოთარ ფარცხალაძესთან ერთად მუშაობდა.

თორდია-ფარცხალაძის მუშტი-კრივს დიდი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ ამ საქმის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნაც კი მოითხოვა, რაზეც ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა.

თორდია აცხადებს, რომ მას ფარცხალაძე იმ მასალების გამო დაუპირისპირდა, რომლებიც აუდიტის სამსახურმა მოიპოვა. გამოძიების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან კი ჩანს, რომ ჩხუბი თორდიამ დაიწყო და მან დაარტყა ჩოხელს ხელი.

ამ ინციდენტის შემდეგ ოპოზიციას დავით ნარმანიასთანაც გაუჩნდა პრეტენზიები, ფარცხალაძისთვის გადაცემული ქონების საქმეს კი აუდიტის სამსახური სწავლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამსახურს მალე თავად ნარმანია ჩაუდგება სათავეში. ეს ინფორმაცია თავად მოქმედმა მერმაც დაადასტურა.

ლაშა თორდიას გენერალური აუდიტორის პოსტზე ყოფნის ვადა ამ ზაფხულს ეწურება. “ოცნებაში” ამ პოსტს რამდენიმე თვის წინ შეჰპირდნენ ნოდარ ჯავახიშვილს. ის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იმ პირობით გაუშვეს, რომ გენერალური აუდიტორი გახდებოდა. ეს პირობა ახლა აღარავის ახსოვს.

თორდიას ადგილმონაცვლედ ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც მოიაზრება. ხელისუფლების კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში ნარმანიას სადმე ელჩად გაუშვებენ.

ლაშა თორდიას მომავალი ჯერ განსაზღვრული არ არის. არ გამორიცხავენ, რომ ის სადმე რაიმე მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ცოტა ხნის წინ ყოფილმა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თორდიას ბევრი კომპრომატი დაუგროვდა და “ოცნებას” აშანტაჟებს.