„ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ 265 მილიონს კალაძე ხარჯავს“

„ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ 265 მილიონს კალაძე ხარჯავს““ახალი საქართველოს” ერთ- ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად იხარჯება და ის ფეხბურთის განვითარებას არ ხმარდება. ამ ეჭვს ხაბეიშვილი ქართული გუნდების – ქუთაისის “ტორპედოს”, საჩხერის “ჩიხურას” და ბათუმის “დინამოს” გუშინდელ მატჩებში განცდილი მარცხის შემდეგ გამოთქვამს.

ხაბეიშვილი ეჭვობს, რომ 265 მილიონ ლარს, რომელიც გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო, ვიცე პრემიერი კახი კალაძე განკარგავს.
– მთავრობის გადაწყვეტილებით 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილა 265 მილიონ ლარზე. 2016 წელს ამ მიმართულებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო 2017 წელს 53 მილიონი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.
გსმენიათ რამე სად და როგორ დაიხარჯა ან სად განვითრდა ქართული ფეხბურთი? ვინ იცის როგორ დაიხარჯა მილიონობით ლარი? ამ მილიონების, ამხელა ბიუჯეტის ფაქტობრივი განმკარგავი კახი კალაძე რომ იქნება, ეს ცხადია. კალაძემ, რომ საფეხბურთო მიმართულებით სრული კონტროლი აიღო ყველამ კარგად ვიცით. ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში რომ შეიყვანა, ეგეც ვიცით. ჯამარაული, რომ გარდაბანში გამგებლად გაიყვანა, ეგეც ძველი ამბავია. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე ადამიანის “მოპარვაც” რომ არ ითაკილეს და ისე გაიყვანეს სასურველი კანდიდატი, ეგეც ვნახეთ. ეჭვი მაქვს ეს თანხა მიზნობრივად განიკარგოს. თუ არ გჯერათ გადახედეთ “განვითარებულ” ფეხბურთს, ჩვენ კლუბებს და მათ შედეგებს, –  აცხადებს ლევან ხაბეიშვილი “პირველ რადიოსთან” საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობას საჩხერის “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძეც აკრიტიკებს.