პოროშენკო საქართველოში ჩამოდის, სააკაშვილი უკრაინიდან გარბის?

პოროშენკო საქართველოში ჩამოდის, სააკაშვილი უკრაინიდან გარბის?უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაანონსებულ ვიზიტს საქართველოში წინ უძღოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გადმოსცემს.

უკრაინის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ივლისში გაიმართება. საქართველოში ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სტრატეგიული თანამშრომლობის მიუხედავად, ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მჭიდრო ურთიერთობები ვერ დაამყარეს.

ვიზიტი ახალ რეალობაში გაიმართება – რამდენიმე თვეა, სააკაშვილი აღარ არის პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრი. უფრო მეტიც, უკრაინის ხელისუფლების შეცვლის მუქარით გამოდის.

დაახლოებით ორი კვირის წინ სააკაშვილის თანამოაზრე დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილზე ზეწოლა მიმდინარეობს. მას ემუქრებიან, რომ თუ არ გაჩერდება, განხორციელდება მისი ექსტრადიცია საქართველოში. მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს აქტიური კონტაქტები აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.

დავით საყვარელიძემ, რომელიც სააკაშვილის პარტიის, “ახალი ძალების მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია, აღნიშნა, რომ თავის დროზე პოროშენკოს არ ხიბლავდა სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში. მას არ სურდა პუტინის გაღიზიანება. პოროშენკო სააკაშვილის პოპულარობასაც უფრთხოდა. ექსპრეზიდენტი მზად იყო, სათავეში ჩასდგომოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, მაგრამ ამან დიდი აურზაური გამოიწვია უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში. ამის გამო პოროშენკო იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში მიევლინა.

მაისში დავით საყვარელიძემ ივარაუდა, რომ ზაფხულში, შვებულებების დროს, უკრაინაში მომუშავე ქართველ რეფორმატორებს უკრაინის მოქალაქეობას მოუხსნიან. ამისთვის გამოიყენებენ უკრაინის რომელიმე მარიონეტულ სასამართლოს.

“ქართული დესანტისთვის” უკრაინის მოქალაქეობა არ ჩამოურთმევიათ. ეს შეუძლებელს ხდის ძებნილი სააკაშვილის ექსტრადირებას. უკრაინის გენპროკურორის მოადგილე ევგენი ენინი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ, კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადიცია შეუძლებელია.

სააკაშვილის ექსტრადიცია პირველად საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

– არ ვიცი, რატომ არის ის აქამდე უკრაინაში, – განაცხადა ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

პოროშენკოს თქმით, მან სააკაშვილი ოდესის ოლქში რეფორმებისთვის მიიწვია. “შედეგებს თავად ხედავთ” – ასე აფასებს სააკაშვილის საქმიანობას გუბერნატორის თანამდებობაზე უკრაინის პრეზიდენტი.

მანვე განმარტა, რომ არავისთან აპირებს სააკაშვილის საქმიანობის გამოძიებას.

– არ აღვიქვამ იდეას, შევაფასო მისი საქმიანობა ქვეყანაში, ვინაიდან მე ის მოვიწვიე იმისთვის, რომ დამხმარებოდა რეფორმების დანერგვაში ოდესის ოლქში, – აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი ამ დღეებში საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტის აღების მსურველთა რიგში დააფიქსირეს. არსებობს ამის ამსახველი ფოტო.

თუ მას უკრაინაში სასურველი პირობები არ შეექმნა, ძებნილი ექსპრეზიდენტი და ყოფილი გუბერნატორი საზღვარგარეთ გაიქცევა.

საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინა სააკაშვილისთვის პოლიტიკური აქტიურობის დროებითი არენაა, მისი მიზანი საქართველოში ძალაუფლების დაბრუნებაა. ამ მიზნით იგი მუშაობას ეწევა ვაშინგტონში.

სარწმუნო წყაროს ცნობით, სააკაშვილის გეგმები აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო იმპიჩმენტს უკავშირდება. სააკაშვილი ფარულად თანამშრომლობს ტრამპის მოწინააღმდეგეებთან.