“ქართულ ოცნებაში” კლანების დაპირისპირება დაიწყო”

"ქართულ ოცნებაში" კლანების დაპირისპირება დაიწყო"– „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაჭამეს ერთმანეთი. აქ სერიოზული კლანური დაპირისპირებაცაა. ოთარ ფარცხალაძის კლანი რომელიღაც კლანმა მთლიანად ჩააჩოჩა. სამსახურებიდან ის ხალხიც კი გაუშვეს, რომლებსაც ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ხელი ჰქონდათ ჩამორთმეული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რომ ერთ დღეს დაწერეს განცხადებები, შემთხვევითობა იყო? ეს იყო კლანური დაპირისპირების ერთი მაგალითი, რომელზეც კომენტარი არავინ გააკეთა.

გუნდში ისეთი ამბები მიდის, საკადრო გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ გვყავს. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩაფლავდნენ და დღე ისე არ გავა, რაიმე სკანდალში არ გაეხვივნენ, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ი გიგლა ბარამიძე.

მისი განცხადებით, ხელისუფლება თავისი უმოქმედობით სახელმწიფოს აზიანებს.

– რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 3 პუნქტი გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს რუსეთთან ურთიერთობა. ტილერსონის დოკუმენტში ბოგდა-მაგოგიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული, ყველაფერზეა საუბარი, მაგრამ საქართველო ნახსენებიც კი არ არის. არადა, იქ დნესტრისპირეთზეც არის საუბარი, ბელორუსზეც. სად არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო? გამოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ არ მოხვდა საქართველო ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში.

1.700.000-ზე მეტი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს. მათი აქ დაბრუნებისა და დასაქმების გეგმა არც კი შეუმუშავებიათ. სამაგიეროდ, ამ 5 წლის განმავლობაში 32.000 ადამიანს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა ისე, რომ მათი ბიოგრაფიები არც კი შეუსწავლიათ, – აცხადებს ყოფილი პოლიტდევნილი.

მისი აზრით, ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი დარტყმები, როგორიც ახლა ხორციელდება, კომუნისტების დროსაც არ განხორციელებულა.

– ამათ დროს დაარტყეს ყველაზე მეტად ეკლესიას. ამ დღეებში საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ილია II ამბობს, რომ ეს ქმედებები არა მამა გიორგის, არამედ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.

ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას სულიერმა ლიდერმა. ასეთ რამეებს აკეთებენ და მერე ეკლესიაში მიძვრებიან, სანთლებს ანთებენ და ფარისევლობენ, – განუცხადა „ახალ თაობას“ გიგლა ბარამიძემ.