ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონი გახდა

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონი გახდაზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მატჩი ჩვეულად სასტარტო ხუთეულში გაატარა და პარკეტზე ცხრა წუთი დაჰყო. ამ დროში გოლდენ სტეიტის ცენტრმა ვერცერთი ქულა ჩაგდო, მეტოქის ფარზე სამი მოხსნა გააკეთა და ერთი გადაცემაც მიითვალა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია. სტუმართა მხრიდან კი საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო. “მეფემ” ფინალურ შეხვედრაში 41 ქულა, 13 მოხსნა და 8 გადაცემა მიითვალა.

33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე „ორლანდოში“, „მილუოკიში“, „ატლანტასა“ და „დალასში“ თამაშობდა. შარშან ზაფხულში, მან არჩევანი ვარსკვლავურ „გოლდენ სტეიტზე“, საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა.

imedinews.ge